სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას, – ამის შესახებ ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მაჰმუდ ადიბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ქართულ საზოგადოებას გაუზიაროს ირანის პოზიციები და ხედვები რეგიონში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ანუ ქვეყანაში, რომელმაც კარგად იცის სუვერენიტეტისა და მშვიდობის ფასი, ჩვენს მეგობრებს გავუზიაროთ ირანის ისლამური რესპუბლიკის პოზიცია და ხედვები რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ.
ყველანი თვალყურს ადევნებთ ახალ ამბებს და მოგეხსენებათ, რომ იმ დროს როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა ჩართული იყო მოლაპარაკებებში და ემზადებოდა ამერიკასთან არაპირდაპირი მოლაპარაკების მეექვსე რაუნდისათვის, 2025 წლის 13 ივნისს, დილის საათებში ისრაელის სიონისტურმა რეჟიმმა ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ დაიწყო შეიარაღებული თავდასხმები, რაც ირანზე აშკარა აგრესიას წარმოადგენს.
სამწუხაროდ, სიონისტური რეჟიმის მიერ განხორციელდა პირდაპირი შეიარაღებული თავდასხმები საცხოვრებელ ობიექტებზე. ასეთი ქმედების შედეგად, თეირანსა და ირანის სხვა ქალაქებში დაიღუპა და დაშავდა უამრავი ადამიანი, ქალები, ბავშვები და ბირთვულ სფეროში მოღვაწე მეცნიერები. ამასთან, საკუთარ სახლებში მოკლეს სამხედრო მეთაურები. თავდასხმა განხორციელდა ასევე ირანის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე, მათ შორის ნათანზის ცენტრზე. ასეთი ქმედება წარმოადგენს ყველა საერთაშორისო ნორმისა და წესის აშკარა დარღვევას“, – განაცხადა მან.
ელჩმა ასევე განაცხადა, რომ ისრაელმა საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი დაარღვია როგორც ირანში, ასევე ღაზის სექტორში, რაც რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.
„ისრაელის რეჟიმი საერთაშორისო სამართლის დარღვევაში არ სცნობს არანაირ ზღვარს. თქვენ ყველამ ნახეთ რა მოხდა ღაზის სექტორში, სადაც უდანაშაულო პალესტინელების განადგურების გარდა, ფეხქვეშ იქნა გათელილი ადამიანის უფლებები, ჰუმანიტარული ნორმები, საერთაშორისო სამართალი და ყველა საერთაშორისო სტანდარტი. ამჯერად, სიონისტურმა რეჟიმმა ბირთვულ ობიექტებზე თავდასხმით, საერთაშორისო სამართლის ახალი წითელი ხაზი გადაკვეთა. სიონისტური რეჟიმის ქმედება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ქარტიის, მათ შორის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის აშკარა დარღვევას წარმოადგენს, რომელიც კრძალავს ძალის გამოყენებას. ირანის ისლამური რესპუბლიკა გაეროს ქარტიის 51-ე მუხლის თანახმად, სიონისტური რეჟიმის შეიარაღებული და აგრესიული თავდასხმებისგან დაცვას ლეგიტიმურ უფლებად მიიჩნევს და ამ უფლების გამოყენებას იქამდე გააგრძელებს, ვიდრე გაეროს უშიშროების საბჭო პრაქტიკულ ზომებს არ მიიღებს აგრესიის შესაჩერებლად, აგრესორის დასაგმობად და მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ელჩმა.
