პირობა და საფუძველი, რისთვისაც ბარიერის დაწევა იყო საჭირო, თავად ოპოზიციამ გააუქმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის, 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში.
„სისტემა, რომლითაც ჩატარდება 2024 წლის არჩევნები, არის დაფუძნებული ევროპულ სტანდარტებზე და ევროპულ გამოცდილებაზე. კალენდარს მეც და თქვენც ისე ვხედავთ და ისე ვკითხულობთ, როგორც არის, ერთი კალენდარი გვაქვს. კობახიძემ განცხადება წინა წელს გააკეთა და თქვა, რომ თუ სტატუსს მიიღებდა დეკემბერში საქართველო, მზად ვიყავით ამ კომპრომისისთვის. მაშინ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი და საფუძვლები, რითაც ეს კომპრომისი უნდა მიეღო ოპოზიციას, ამოიწურა, ოპოზიციამ გააგრძელა პოლარიზაცია, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, სტატუსის წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა დაწყებული ლობისტებში ფულის გადახდით და პირადი მოლაპარაკებებით და ამის შემდეგ კიდევ მოდიხართ და ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ რჩება ვალდებულება, განიხილოს რაიმე შეღავათის გაკეთება ოპოზიციისთვის?! სამაგიეროდ, არ გახსოვთ ამ ოპოზიციის მუქარები, რომ შეცვლიან ხელისუფლებას.
80 ათასი თუ არ ჰყავთ მთელს ქვეყანაში, რეგიონში ათასი მოქალაქეც თუ არ უჭერს მხარს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იმუქრება, რომ მომავალზე მე ვარ პასუხისმგებელი და მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო, მაშინ რაღაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ, რა განცხადებაც იყო გაკეთებული, ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციას შეიძლება შეღავათი მივცეთ და ბარიერი დავწიოთ, თუ ეს დაეხმარება პოლარიზაციის შემცირებას, ბარიერი არათუ დავწიეთ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ნულოვანი ბარიერი გამოვიყენეთ.
ამის შემდეგ პოლარიზაცია არათუ შემცირდა, ეს ოპოზიცია საერთოდ არ შემოვიდა პარლამენტში 8 თვის განმავლობაში და მას შემდეგ უკიდურესი კონფრონტაციის რეჟიმშია ხელისუფლებასთან და საკუთარ ქვეყანასთან. შესაბამისად, პირობა და საფუძველი, რისთვისაც ეს იყო საჭირო, თვითონ ოპოზიციამ გააუქმა. დღეს უკვე ერთი წელი რჩება არჩევნებამდე, ეს სისტემა ასახულია კონსტიტუციაში, წინასწარ განხილული, მიღებული და ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის იმ პირობებში, რაც კონსტიტუციაში წერია. დღეს პოლიტიკური წუწუნი ბარიერზე მიუთითებს ერთადერთზე, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს, რომ პარლამენტში შევიდეს და რაიმე გააკეთოს,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.