ყაზახეთისთვის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი გეოპოლიტიკურ რისკებსა და რუსულ მარშრუტზე დამოკიდებულებას ამცირებს – ასტანას ფინანსური ცენტრი
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (ბთჯ) მილსადენით ყაზახეთის ნავთობის ექსპორტის გაფართოება გეოპოლიტიკური რისკებისა და ტრანზიტულ სახელმწიფოებზე დამოკიდებულების შემცირებას ხელს უწყობს, რაც, თავის მხრივ, ყაზახეთის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას აძლიერებს.
ამის შესახებ აზერბაიჯანსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივების შესახებ ანალიტიკურ ანგარიშში წერია, რომელიც ასტანას საერთაშორისო ფინანსური ცენტრისა (AIFC) და ADA-ს უნივერსიტეტთან არსებულ განვითარებისა და დიპლომატიის ინსტიტუტის (IDD) მიერ მომზადდა. ანგარიშს Report ავრცელებს.
მასში წერია, რომ ნავთობისა და გაზის სექტორში ყაზახეთი და აზერბაიჯანი თანამშრომლობას ექსპორტის ალტერნატიული მარშრუტების, კერძოდ, ბთჯ-ის ნავთობსადენის მეშვეობით აძლიერებენ.
“2024 წელს ყაზახეთმა, დაახლოებით, 88 მლნ ტონა, აზერბაიჯანმა კი, დაახლოებით, 29 მლნ ტონა ნავთობი მოიპოვა. ამდენად, ორი ქვეყნის ერთობლივმა ნავთობწარმოებამ, დაახლოებით, 117 მლნ ტონა შეადგინა, რაც გლობალურ მიწოდებაში მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს,“ – წერია ანგარიშში.
მასში, ასევე, ხაზგასმულია, რომ ყაზახეთი ნავთობის ექსპორტში დიდწილად რუსეთზე გამავალ კასპიის მილსადენების კონსორციუმზე არის დამოკიდებული, რომლის წილიც ექსპორტის 70%-იან მთლიან მოცულობაში, დაახლოებით, ორი-მესამედია. “თუმცა აზერბაიჯანთან თანამშრომლობით მარშრუტების დივერსიფიკაცია გეოპოლიტიკური რისკებისა და სატრანზიტო მარშრუტების შეზღუდულ რაოდენობაზე დამოკიდებულების შემცირებას ხელს უწყობს.”
ამ მხრივ ყაზახეთი და აზერბაიჯანი მას შემდეგ თანამშრომლობენ, რაც 2024 წელს ყაზახეთმა ბთჯ-ის მილსადენით ექსპორტზე 1.4 მლნ ტონაზე მეტი ნავთობი გაიტანა, რითიც “ერთობლივი ინფრასტრუქტურის გამოყენების მოდელის სიცოცხლისუნარიანობა აჩვენა.”
„ოფიციალური პროგნოზებით, მოკლევადიან პერსპექტივაში ყაზახეთი ბთჯ-ის მეშვეობით წელიწადში ექსპორტის 2.2 მლნ ტონამდე, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში 20 მლნ ტონამდე გაზრდას გეგმავს, რაც პარალელურად წარმოების ზრდითა და ინფრასტრუქტურის კოორდინაციის გაუმჯობესებით მოხდება,“ – წერია ანგარიშში.
