გაერთიანებული სამეფოს პრემიერმინისტრმა, კირ სტარმერმა ქვეყნის საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალი ხელმძღვანელის თანამდებობაზე ბლეიზ მეტრეველის დანიშვნას “ისტორიული” უწოდა იმ ფონზე, როცა ქვეყანა “უპრეცედენტო მასშტაბების” მქონე საფრთხეების წინაშე იმყოფება.
“თანამდებობაზე ბლეიზ მეტრეველის ისტორიული დანიშვნა ხდება იმ დროს, როცა ჩვენი დაზვერვის სამსახურების მუშაობა ამაზე მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა. გაერთიანებული სამეფო უპრეცედენტო მასშტაბების მქონე საფრთხეების წინაშე დგას, იქნება ეს აგრესორები, რომლებიც ჩვენს წყლებში თავიანთ საჯაშუშო გემებს აგზავნიან თუ ჰაკერები, რომელთა დახვეწილი კიბერ სქემები ჩვენი საჯარო სამსახურებისთვის ძირის გამოთხრას ისახავს მიზნად”. – თქვა სტარმერმა.
ბლეიზ მეტრეველი, რომელიც გაერთიანებული სამეფოს საიდუმლო სადაზვერვო სამსახურის ახალ ხელმძღვანელად დაინიშნა, პირველი ქალია, რომელიც ამ თანამდებობას დაიკავებს.
მეტრეველი თანამდებობას ოფიციალურად ოქტომბერში დაიკავებს, როცა სააგენტოს მოქმედი ხელმძღვანელი, რიჩარდ მური, ხუთწლიანი ვადის შემდეგ თანამდებობას დატოვებს.
გამოცემა Financial Times წერს, რომ ბლეიზ მეტრეველის გვარი ქართულია, რაც “მის აღმოსავლეთ ევროპულ მემკვიდრეობას” ასახავს. ამას გარდა, მეტრეველის კოლეგები აღნიშნავენ, რომ იგი შესანიშნავად ფლობას არაბულ ენას და მას სიღრმისეული გამოცდილება აქვს მიღებული ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის კონფლიქტის ზონებშიც.
ამასთან, გამოცემის ცნობით, დაზვერვაში 26-წლიანი კარიერის განმავლობაში, მეტრეველი გაერთიანებული სამეფოს შიდა სადაზვერვო სააგენტოშიც მუშაობდა და “K” დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაც ეკავა. აღნიშნული დეპარტამენტი აკონტროლებს ბრიტანეთისკენ წამოსულ საფრთხეებს ისეთი “მტრული ქვეყნებიდან”, როგორებიცაა რუსეთი, ირანი და ჩინეთი.