გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია , – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა, ნაჩო სანჩეს ამორმა – ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც განიხილავენ საკითხს – “მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის ქეისი”.
მისი თქმით, ავტორიტარული რეჟიმების წინააღმდეგ საბრძოლველად ერთადერთი გზა დამოუკიდებელი მედიის გადარჩენაა.
“ერთ-ერთი რამ, რასაც ყველაზე ხშირად ვხედავთ და რაც ყველაზე მეტად გვაღიზიანებს ავტორიტარული რეჟიმების მხრიდან, არამხოლოდ რეპრესიებია, არამედ ის, როდესაც ისინი ეპყრობიან მოქალაქეებს, როგორც არასრულწლოვნებსა და ბავშვებს.
გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა. საბავშვო ისტორიაა ის, რასაც საქართველოში Deep State-ის სახელით არის ცნობილი. ყველაფერი, რაც მთავრობას აღიზიანებს, Deep State-ია.
ეს შეიძლება იყოს სტუდენტის ტვიტი ან შეიძლება იყოს ნებისმიერი სახის განცხადება, რომელიც აქ, ამ პალატაში, ქვეყანაზე კეთდება. მაგრამ ამ გამარტივებული ნარატივის შესაცვლელად, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ არსებობდეს პროფესიონალური, ნამდვილი ჟურნალისტიკა, რომელსაც ისეთი პროფესიონალები ქმნიან, როგორიც მზია ამაღლობელია. ეს არის ერთადერთი გზა ავტორიტარული რეჟიმების ამ ფანტაზიების წინააღმდეგ საბრძოლველად.
ამიტომაც [ხელისუფლების წარმომადგენლები] ზოგჯერ ებრძვიან სასაცილო ზომებით პრესის თავისუფლებას. მაგალითად, თუ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “არალეგიტიმური მთავრობა”, “ოლიგარქიული მთავრობა”, “რეჟიმის პატიმრები” ან “პრორუსული რეჟიმი”, ყველა ეს გამოთქმა ახლა აკრძალულია ქვეყანაში.”- განაცხადა მან.
ცნობისთვის, ევროპარლამენტში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზე დებატები მიმდინარეობს.
ევროპარლამენტარები თემაზე: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“ მსჯელობენ. ამასთან, ხვალ ევროპარლამენტარები კენჭს უყრიან რეზოლუციას: „მედიის თავისუფლება საქართველოში, განსაკუთრებით მზია ამაღლობელის საქმე“.
