ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებში მოკვლევას პოლიტიკურად გაცხადებული სუბიექტების გამოსავლენად აწარმოებენ.
მისი თქმით, შემაჯამებელი გადაწყვეტილება იქნება გამოვლინდება თუ არა გაცხადებული პოლიტიკური სუბიექტი კონკრეტულ ორგანიზაციაში.
„დღის განმავლობაში რამდენიმე ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს ბიურო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე მათი ორგანიზაციებისგან არამიზნობრივად ითხოვს მოქალაქეთა პირადი და პროფესიული საიდუმლოების ამსახველ დოკუმენტაციას.
ვაცხადებ, რომ კანონის უზენაესობა და მისი აღსრულება არის ბიუროს უმთავრესი პრიორიტეტი. ჩვენ მიერ მოთხოვნილი სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტაცია არ ცდება საკანონმდებლო უფლებამოსილების ფარგლებს, მიმართული არის მხოლოდ გრანტების მიმღები ან პოლიტიკური აქტივობის მქონე ორგანიზაციების საქმიანობის მიზნობრიობის შესწავლისკენ.
ამ პროცესში, საქართველოს კანონის შესაბამისად, სრულად იქნება უზრუნველყოფილი პროფესიული თუ პერსონალური ინფორმაციის დაცულობა.
არსებული დეზინფორმაციული კამპანია ემსახურებოდა მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას და მიზნად ისახავს გამჭვირვალობისკენ მიმართული კანონმდებლობის და სამართლებრივი პროცესის დისკრედიტაციას. პოლიტიკური პროცესების გამჭვირვალობა არის ბიუროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და ჩვენი საქმიანობა კვლავაც მიმართული იქნება იმ ორგანიზაციათა გამოვლენისკენ, რომელთა აქტივობებიც არ შეესაბამება დეკლარირებულ მიზნებს და რომლებიც ფარულად ეწევიან პოლიტიკურ საქმიანობას“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
ამასთან, რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან ბენეფიციართა პერსონალური ინფორმაცია არ მოუთხოვიათ.
თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გაგზავნილ განჩინებებში, ანტიკორუფციული ბიურო ითხოვს მათი „ბენეფიციარების, მონაწილე პირების (სახელი, გვარი, პირადი ნომერი) მიღწეული შედეგებისა და აქტივობის ამსახველი ვიდეო-ფოტო მასალის მითითებით“.
„დღეს გავრცელდა ტყუილი ინფორმაცია, რომ თითქოს სასამართლო განჩინებით ჩვენ მოვითხოვეთ მათი საქმიანობიდან გამომდინარე სხვა ბენეფიციარების, როგორც სამართლებრივი ადვოკატირების პროცესში თუ ჯანმრთელობის კუთხით, ისეთი პერსონალური ინფორმაციების ამოღება ამ ორგანიზაციებისგან, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ მოვითხოვეთ მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც უკავშირდება საბანკო ამონაწერებს, საგადასახადო ორგანოებიდან ინფორმაციები და უშუალოდ ამ ორგანიზაციებს მოვთხოვეთ დონორთან გაფორმებული ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ის სამართლებრივი დოკუმენტები, რაც უკავშირდება ამ ხელშეკრულების აღსრულებას. სამწუხაროდ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს რომელიღაც ბენეფიციარების პერსონალური ინფორმაცია მოვითხოვეთ, ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, – განაცხადა რაჟდენ კუპრაშვილმა.
დღეს, 18 ივნისს, არასამთავრობო ორგანიზაციების ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო.
კერძოდ, გუშინ, 17 ივნისს, მოსამართლეებმა ხუთ ორგანიზაციას (სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო, საფარი, მომავლის აკადემია, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი) ოფიციალურად მოსთხოვეს ანტიკორუფციული ბიუროსთვის ბოლო 17 თვის საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გადაცემა, მათ შორის ისეთის, რომელიც განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებს შეიცავს. ამაში ხვდება ორგანიზაციების ბენეფიციართა შესახებ სენსიტიური ინფორმაცია, ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული კორესპონდენციის და მიმოწერის ამსახველი ინფორმაცია.
