გამომძიებელი ნიკუშა კაციას საქმეზე – დაკავებული ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა

[ნიკუშა კაცია] ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა, – ამის შესახებ გამომძიებელმა მირზა ჯაფარიძემ სასამართლოში ჩვენების მიცემისას განაცხადა.
ჯაფარიძე ნარკოდანაშაულში ბრალდებული ჟურნალისტის, ნიკუშა კაციას საქმეზე აძლევს ჩვენებას. გამომძიებელი ჰყვება, თუ როგორ მოხდა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე კაციას დაკავება და მისი ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან პოლიეთილენის პარკში გახვეული ნარკოტიკული საშუალების ამოღება.
„წინააღმდეგობას გვიწევდა, პროპორციული ძალით ის შებოჭილი იქნა… აღნიშნული ნივთიერება ნიკოლოზ კაციას ქურთუკის მარცხენა ჯიბიდან იქნა ამოღებული. მას შემდეგ, რაც ნივთიერება იქნა ამოღებული, ის დამშვიდდა, წინააღმდეგობა არ გაუწევია, შევფუთე ამოღებული ნივთიერებები. ჩხრეკის ოქმს პირადად გაეცნო და შესაბამის ველში დააფიქსირა, რომ პრეტენზია არ ჰქონდა. ის გაეცნო დაკავების ოქმს და ოქმის გაცნობა სათანადო ხელის მოწერით დაადასტურა.
ვინაიდან მე მახლდა ორი ოპერატიული თანამშრომელი, მე უნდა შემედგინა ოქმი, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად შეიძლებოდა მას ან ჩვენს თანამშრომელს მიეღო დაზიანება, რის გამოც, ის სამსახურებრივ მანქანაში იქნა ჩასმული.
ვიდეოგადაღება გვინდოდა, მაგრამ ჩხრეკა წინააღმდეგობის პირობებში მოხდა, გადაღება სცადა ჩემმა თანამშრომელმა, მაგრამ წინააღმდეგობის გამო, გადაღება ვერ მოხერხდა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ადვოკატის კითხვაზე, სცადა თუ არა ვინმე ნეიტრალური მოწმის დასწრება, გამომძიებელმა უპასუხა, რომ მან „დააკაკუნა კარზე და არავინ გაუღო“.