Reuters – კიტ კელოგი, შესაძლოა, ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი შესაძლოა, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კიტ კელოგის ბელარუსში ვიზიტი და პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრა, შესაძლოა, უახლოეს დღეებში შედგეს.
წყაროების ცნობით, შესაძლო შეხვედრის დეტალები უცნობია, თუმცა კიტ კელოგმა პირად საუბარში აღნიშნა, რომ ვიზიტი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულების მიზნით სამშვიდობო მოლაპარაკებებს ხელს შეუწყობს.
მხარეებს პოტენციური შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გაუვრცელებიათ.
გამოცემა წერს, რომ თუ შეხვედრა შედგება, ეს ბოლოს წლების განმავლობაში ბელარუსში ამერიკელი მაღალი რანგის ოფიციალური პირის პირველი ვიზიტი იქნება.
ცნობისთვის, 2020 წელს, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, ბელარუსში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო იმყოფებოდა, რაც ბოლო 20 წლის განმავლობაში ბელარუსში ამერიკელი ოფიციალური პირის ყველაზე მაღალი დონის ვიზიტს წარმოადგენდა.