მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოსთვის აუცილებელია აშშ-ს პრეზიდენტთან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა „ხვალ“ საქართველო არ აღმოჩნდეს წამგებიან პოზიციაში
ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოსთვის აუცილებელია აშშ-ს პრეზიდენტთან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა „ხვალ“ საქართველო არ აღმოჩნდეს წამგებიან პოზიციაში. დიფ სთეითთან ბრძოლაში ტრამპის წარმატებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი,- წერს სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე.
ჩვენ და დასავლეთი
(გუშინწინ, გუშინ, დღეს, ხვალ…)
გუშინწინ (საბჭოთა პერიოდში) დასავლეთი თავისი ღირებულებებით ჩვენთვის მთავარ ორიენტირს წარმოადგენდა. რაც უფრო მეტად ლანძღავდა საბჭოთა პროპაგანდა დასავლური ცხოვრების წესს, მით უფრო ვრწმუნდებოდით მის იდეალურობაში და გვიმძაფრდებოდა მასთან მიახლოების სურვილი. ჩვენი თაობა დღესაც იმ დასავლურ ღირებულებებს მიესწრაფვის და მისტირის, რომლისთვისაც თავის დროზე საბჭოთა სისტემას ებრძოდა – ზოგი დასავლეთში გაქცევით, ზოგი პროკლამაციებისა და ანტისაბჭოთა ლიტერატურის გავრცელებით და ზოგიც პოლიტიკური ანეკდოტებით.
საბჭოთა სისტემის დანგრევის შემდეგაც ჩვენი იმედები მხოლოდ დასავლეთს უკავშირდებოდა. ბნელ და მშიერ 90-იან წლებში დასავლეთმა მართლაც დიდი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და ხალხის ფიზიკური გადარჩენის საქმეში, თუმცა, პირველი ეჭვები და იმედგაცრუება მაშინ გაჩნდა, როდესაც აფხაზეთში
მიმდინარე ომში რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთი მხოლოდ სიტყვიერ განცხადებებს დასჯერდა, ხოლო ჩვენი გულუბრყვილო რწმენის მიზეზით დიდი მსხვერპლის ფასად დავკარგეთ აფხაზეთი.
თანდათან გავაცნობიერეთ იმ ანდაზის სისწორე, რომ „უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია“ და რომ ყველა ქვეყნიდან მიღებული დახმარება პირველ რიგში მხოლოდ დამხმარე ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, ამიტომ ეს ყოველთვის გასათვალისწინებელია ამ ქვეყნებთან ურთიერთობისას იმ კუთხით, რომ მათი და ჩვენი ინტერესების სინქრონიზაცია.
2003 წლის ე. წ. ვარდების რევოლუციით დასრულდა „გუშინწინ“ და დადგა „გუშინ“. ქვეყნის სათავეში მოვიდა დასავლეთის ფავორიტი „დემოკრატიის შუქურა“ ხელისუფლება, რის შემდეგაც უფრო ნათლად გამოჩნდა, რეალურად რა ინტერესები ამოძრავებდა დასავლეთს საქართველოში. „შუქურა ხელისუფლებამაც“ სიამოვნებით მოირგო ბალტიის ქვეყნების როლი სამხრეთ კავკასიაში. პირველობისკენ დაუოკებლად მიდრეკილი სააკაშვილის ნატურიდან გამომდინარე, მან რუსეთის მთავარი გამაღიზიანებლის და მტრის როლის შესრულებისას საგარეო პოლიტიკაში ბალტიის ქვეყნებსაც გადაასწრო, ხოლო საშინაო პოლიტიკაში დასავლეთისგან სრული კარტბლანში მიიღო და ქვეყნის შიგნით ანტიდემოკრატიული და არაადამიანური რეჟიმი დაამყარა.
აქედან დაიწყო საქართველოში ევროსკეპტიციზმის გაძლიერება. იმ ავადსახსენებელ 9-წლიან პერიოდში მოქალაქეები აფასებდნენ და აანალიზებდნენ იმას, რასაც საკუთარი თვალით ხედავდნენ და არა იმას, რასაც მონოპოლიზებული სახელისუფლებო ტელევიზიები თავში უტენიდნენ.
მაგალითად, იყო შემთხვევა, როდესაც „დემოკრატიის შუქურის“ მმართველობის წლებში საქართველოში ვიზიტად მყოფ ტერი დევისს პირადად ჩვენმა ორგანიზაციამ 436 პატიმრის წამების ფაქტები გადასცა, რომლებში გარკვევაც მან სააკაშვილს სთხოვა, მაგრამ მეორე ჩამოსვლაზე როცა მოიკითხა, რა ქენითო, არც ერთ საქმეზე არ აღმოჩნდა გამოძიება დაწყებული. მაშინ თვითონვე თქვა ტერი დევისმა- ერთი ფაქტიც რომ ყოფილიყო არასწორი, იმას გამოიძიებდნენ და იტყოდნენ, პირველივე აღმოჩნდა არასწორი და აღარ გავაგრძელეთო. ე. ი. დადასტურდა, რომ წამების ყველა ფაქტი სწორი იყო, მაგრამ ევროპულმა სტრუქტურებმა ამაზე არათუ განგაშის ატეხა ვერ გაბედეს, არამედ ხმაც არ ამოუღიათ. ეს კი რეჟიმის მიმართ მწვანე შუქის ანთებას ნიშნავდა პატიმართა სისტემური ცემა-წამებისთვის.
იმ დროს ჩვენ ვიყავით ფაქტობრივად ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც წამებებზე მუშაობდა. ჯოზეფ ბორელსაც, რომელიც მაშინაც მაღალ თანამდებობას იკავებდა ევროკომისიაში, არაერთხელ შევხვედრივარ ჩვენი პროექტის ფარგლებში და მითქვამს ფაქტებზე დამყარებული რეალობა. იმ ფონზე, როცა მოლაშვილისა და სხვების წამების ფაქტები საყოველთაოდ იყო გახმაურებული, არც ერთ ფონდს არ დაუფინანსებია წამებების მონიტორინგი. ამ ყველაფერმა გააღრმავა ევროსკეპტიციზმი საქართველოში.
ამასობაში დადგა 2012 წელი, დასრულდა „გუშინ“ და დადგა „დღეს“. ხალხმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიცილა სისხლიანი რეჟიმი და ისევ მოლოდინით მიაპყრო თვალი დასავლეთს. თუმცა, დასავლეთმა თავიდანვე აუკრძალა ახალ ხელისუფლებას სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება დამნაშავე რეჟიმის წარმომადგენელთა მიმართ და თავს მოახვია „კოჰაბიტაცია“, ხოლო თანდათან ისეთი ნაბიჯების გადადგმა მოითხოვა „ოცნების“ ხელისუფლებისგან, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგებოდა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.უსიტყვო მორჩილებაზე უარის პასუხად ჯერ ყველაზე გვიან მიანიჭეს ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მერე ძალისმიერი მეთოდებით სცადეს ხელისუფლების დამხობაში დახმარებოდნენ მათთვის სასურველ შიდა ძალებს და როდესაც სახელმწიფომ თავი დაიცვა, ეს დიქტატურად, სასტიკ ძალადობად და პოლიტიკურ დევნად შეაფასეს. ეს მაშინ, როდესაც არეულობების აღკვეთისას ისინი გაცილებით მეტ სისასტიკეს ავლენენ თავიანთ ქვეყნებში, რასაც „წესრიგის და კანონიერების“ დაცვად აფასებენ.
ევროკავშირის სტრუქტურებიდან მოქალაქეებს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უკიჟინებენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები ტოტალურად გააყალბა, პრორუსული კურსი აიღო და ანტიდემოკრატიული რეჟიმი დაამყარა. უფრო მეტიც, ისინი ფაქტობრივად ამბობენ, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა არაფერს წარმოადგენს, თქვენი ხელისუფლება ჩვენი მოწონებული და დანიშნული უნდა იყოს და არა თქვენიო.
ჩვენთვის იმედის მომცემი იყო ამერიკის პრეზიდენტად ტრამპის არჩევა, რომელმაც ბრძოლა გამოუცხადა დიფ-სთეითს, ღიად ამხილა ფსევდო-ლიბერალების მახინჯი ზრახვები და სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ჩარევები, გააუქმა მათი დამფინანსებელი ფონდები. ტრამპი პირადად ებრძვის გარყვნილი ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, ათეიზმის პროპაგანდას და ლიბერალური ნორმებისთვის მიუღებელი ჟურნალისტების სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ტრამპი
დღეს გამოდის კლასიკური დემოკრატიული ღირებულებების დამცველად, რომელსაც ებრძვის ამ ღირებულებების გამყალბებელი ფსევდო ლიბერალების დიდი არმია.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეს საქართველოსთვის აუცილებელია აშშ-ს პრეზიდენტთან და მის გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა, რათა „ხვალ“ საქართველო არ აღმოჩნდეს წამგებიან პოზიციაში. დიფ სთეითთან ბრძოლაში ტრამპის წარმატებაზე ბევრად იქნება დამოკიდებული საქართველოს მომავალი. ჩვენ
ვერ გავიზიარებთ იმ მოსაზრებას, რომ დიფ-სთეითთან ბრძოლის ნიღბით ტრამპი სწორედ მისი გაძლიერების საქმეს აკეთებს. ასეთ შემთხვევაში კონსერვატორებსა და ლიბერალებს შორის არსებულ დაპირისპირებასაც შეიძლება მოჩვენებითი ვუწოდოთ და საერთოდ, თავი შევიზღუდოთ შეთქმულების თეორიით, რომ მთელ მსოფლიოში და ყველა კონკრეტულ ქვეყანაში ყველაფერი წინასწარ დაწერილი სცენარით იმართება და ხალხს არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
ტრამპის მსოფლმხედველობის მისაღებობის გარდა, მისი პოლიტიკა იმითაც არის საქართველოსთვის მისაღები, რომ ის ცდილობს კონფლიქტების მოგვარებას და არა მათ გაღვივებას, აქცენტს აკეთებს არა რუსეთთან ან ჩინეთთან აგრესიულ დაპირისპირებაზე, არამედ ეძებს მათთან შეთანხმების მიღწევის გზებს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ განიხილავს პატარა ქვეყნებს რუსეთის გამაღიზიანებლად და დიდ პოლიტიკურ თამაშებში პაიკებად გამოსაყენებლად. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი, რომ კარგი ურთიერთობა შეინარჩუნოს ყველა ქვეყანასთან, სხვების იმედად არ წარმოადგენდეს გამაღიზიანებელ ფაქტორს, ისარგებლოს საკუთარი გეოსტრატეგიული მდებარეობით, წინ წამოსწიოს ეკონომიკური ინტერესები და თანამედროვე მიღწევების გამოყენებით აამაღლოს საკუთარი მოსახლეობის კეთილდღეობა. ასე წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველოს ხვალინდელი დღე“,- წერს კაკაბაძე.
