ირანის საგარეო უწყების ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი, საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი საფრანგეთის, გერმანიისა და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებს, ჟან-ნოელ ბაროს, იოჰან ვადეფულს და დევიდ ლემის და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასს ტელეფონით ესაუბრა, – ინფორმაციას ირანის საგარეო უწყება ავრცელებს.
„საუბრისას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სიონისტური რეჟიმის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებულ აშკარა აგრესიაზე, მათ შორის მშვიდობიან ბირთვულ ობიექტებზე, ეკონომიკურ ინფრასტრუქტურაზე, სამხედრო ბაზებსა და საცხოვრებელ ზონებზე თავდასხმებზე. მან ხაზი გაუსვა გაერო-ს ყველა წევრი სახელმწიფოსა და გაერო-ს უშიშროების საბჭოს მოვალეობას, დაუპირისპირდნენ ამ აგრესიას და შეაჩერონ სიონისტური რეჟიმის დანაშაულები“, – აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
მათივე ინფორმაციით, აბას არაღჩიმ მოლაპარაკებების ფონზე ისრაელის ირანზე თავდასხმები დემოკრატიაზე უპრეცედენტო დარტყმად შეაფასა და ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, „აღიარონ რეალობა და დაგმონ სიონისტური რეჟიმის აგრესია“.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მტკიცებით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი აშშ-ის მხარდაჭერითა და თანამშრომლობით წამოიწყო.
უწყების ინფორმაციით, ევროპის ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა მწუხარება გამოხატეს შექმნილი ვითარების გამო, ხაზი გაუსვეს დიპლომატიის მნიშვნელობას დაძაბულობის შესამცირებლად და გამოთქვეს მზადყოფნა, ამ კუთხით თავიანთი როლი შეასრულონ.