მედიის უფლებებსა და მდგომარეობაზე მომუშავე 23 საერთაშორისო ორგანიზაცია ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს საქართველოში მედიაგარემოსთან დაკავშირებით. განცხადების ხელმომწერები მოუწოდებენ “მმართველ პარტიას, შეწყვიტოს მედიაზე თავდასხმები, გააუქმოს რეპრესიული კანონები და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი”. ისინი ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას და ევროკავშირს, მოახდინონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, “რათა შეაჩეროს ეს რეპრესიები”.
“ძლიერი რეაგირების გარეშე, საქართველომ შესაძლოა დაკარგოს დამოუკიდებელი ახალი ამბების ბოლო დარჩენილი წყაროები მომავალ თვეებში – რაც სერიოზული დარტყმა იქნება რეგიონში დემოკრატიისთვის”, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
“როდესაც მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ავტორიტარული მმართველობის განმტკიცების მცდელობებს აძლიერებს, დამოუკიდებელი მედია უპრეცედენტო ზეწოლას განიცდის და გადარჩენის ზღვარზეა. ჟურნალისტები სულ უფრო ხშირად ექვემდებარებიან დაკავებებს, ფიზიკურ თავდასხმებს, თვითნებურ ჯარიმებს, ცენზურას, ასევე ფინანსურ და ინსტიტუციურ რეპრესიებს”.
განცხადებაში ასევე საუბარია „ქართულმა ოცნების“ მიერ მიღებულ “რამდენიმე რეპრესიულ საკანონმდებლო აქტზე, მათ შორის კანონზე „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ (FARA-ს ანალოგი,) ასევე ცვლილებებზე „გრანტების შესახებ კანონსა“ და „მაუწყებლობის შესახებ კანონში“.
გარდა ამისა, საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი ხსნის ე.წ. “FARA-ს ასლის” შესაძლო გავლენას ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე და აანალიზებს იმ საფრთხეს, რაც აღნიშნული კანონის ამოქმედებას მოჰყვება.
“შედეგად, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ხელმძღვანელები საფრთხის წინაშე დგანან – მათ წინააღმდეგ შეიძლება სისხლის სამართლის დევნა დაიწყოს, თუკი სახელმწიფო განაცხადებს, რომ ისინი „უცხოელი პრინციპალების“ სახელით მოქმედებდნენ. მეტიც, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას მოეთხოვებათ, „საქართველოს მთავრობის ან მთავრობის მიერ დანიშნული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა“ საქართველოს ფარგლებს გარედან რაიმე გრანტის მიღებამდე. მოსალოდნელია, რომ კანონის დარღვევად შეფასდება ისიც კი, თუკი საერთაშორისო ორგანიზაცია ჟურნალისტებს უფასო ტრენინგს ჩაუტარებს.
დამოუკიდებელ მედიას საქართველოში შესაძლოა სულ რამდენიმე თვე რჩებოდეს იძულებით დახურვამდე, რაც საზოგადოებას დამოუკიდებელი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას წაართმევს”, – ნათქვამია წერილში.
ერთობლივ განცხადებაში საუბარია გამოცემების, “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლისა და რედაქტორის, მზია ამაღლობელის დაკავებაზე, ჟურნალისტებისთვის დაკისრებულ ადმინისტრაციულ ჯარიმებზე, ფიზიკურ ძალადობაზე, ტელეკომპანიების, “ქართული ოცნების” საჩივრებზე “ფორმულისა” და “პირველის” წინააღმდეგ და საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებულ პროცესებზე.
“ეს საჩივრები დაიწერა იმ ტერმინების წინააღმდეგ, რომლებსაც მაუწყებლები იყენებენ, მათ შორისაა: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „არალეგიტიმური მთავრობა“, „ოლიგარქიული რეჟიმი“ და „რეჟიმის პატიმრები“. ტელეკომპანიები „ფორმულა“ და „ტვ პირველი“ ახლა დგანან შესაძლო სანქციების ხიფათის წინაშე, რაც შეიძლება იყოს გაფრთხილება, შინაარსის კორექცია, ჯარიმების დაკისრება ან საბოლოოდ მაუწყებლობის ლიცენზიის გაუქმებაც. ეს “ქართული ოცნების” მხრიდან ნათელი მცდელობაა, დააწესოს მკაცრი ცენზურა და დაადუმოს დამოუკიდებელი მედია”.
განცხადებაში წერია, რომ ბოლო თვეებში პროდასავლური საპროტესტო აქციების გაშუქებისას, “გზის გადაკეტვისთვის” 5-ათასლარიანი ჯარიმა დაეკისრა 28 ჟურნალისტს, მათგან ზოგს რამდენჯერმე.
“საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი (GPB) დიდი ხანია ემსახურება მმართველი პარტიის ინტერესებს და ახშობს იმ ჟურნალისტების მცდელობებს, რომლებიც ცდილობენ პოლიტიკურად დამოუკიდებლად იმუშაონ”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მაუწყებლის ხელმძღვანელობამ სამსახურიდან გაათავისუფლა ჟურნალისტები ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი და ნინო ზაუტაშვილი, “მაუწყებელში პოლიტიკურ ჩარევაზე” საუბრის შემდეგ. მოგვიანებით დახურეს ნინო ზაუტაშვილის საავტორო გადაცემა „რეალური სივრცე“.
“ამავდროულად, მზია ამაღლობელი, ვეტერანი ქართველი ჟურნალისტი და ქვეყნის ორი წამყვანი დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, უსაფუძვლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში მას შემდეგ, რაც იანვრის დასაწყისში დააკავეს. Mapping Media Freedom-ის მონაცემებით, 28 ნოემბრის შემდეგ სხვადასხვა ბრალდებით დაკავებულია, სულ ცოტა, 13 ჟურნალისტი. ამავე პერიოდიდან 246 ჟურნალისტი გახდა ფიზიკური შევიწროების, დისკრედიტაციის, პროფესიული საქმიანობისთვის ხელის შეშლის, სამართლებრივი დევნისა და დაჯარიმების მსხვერპლი”.
განცხადების ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას საქართველოში გადარჩენის შანსი აღარ ექნება, თუ არ იქნება საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე და მუდმივი ზეწოლა როგორც მმართველი პარტიის, ისე იმ სახელმწიფო ინსტიტუტების ხელმძღვანელებზე, რომლებიც მედიის გაჩუმებაზე არიან პასუხისმგებელნი.
“მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ზეწოლა იქონიოს საქართველოს ხელისუფლებაზე და მტკიცედ დაუჭიროს მხარი დამოუკიდებელ ჟურნალისტიკას ქვეყანაში. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს მედიის წინააღმდეგ ბრძოლა, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
· International Press Institute (IPI)
· European Federation of Journalists (EFJ)
· European Centre for Press and Media Freedom (ECPMF)
· Osservatorio Balcani Caucaso Transeuropa
· Index on Censorship
· Organized Crime and Corruption Reporting Project (OCCRP)
· Society of Journalists (Warsaw)
· South East Europe Media Organisation (SEEMO)
· Media Diversity Institute
· Media Diversity Institute Global
· Justice for Journalists Foundation
· RNW Media
· Ossigeno.info
· Reporters Without Borders (RSF)
· IFEX
· Association of European Journalists in Belgium (AEJ Belgium)
· IMS (International Media Support)
· Global Forum for Media Development (GFMD)
· Democracy Reporting International (DRI)
· Institute for Reporters’ Freedom and Safety (IRFS)
· PEN International
· Public Media Alliance (PMA)
· Committee to Protect Journalists (CPJ)
