20 არაბული და მუსლიმი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ირანზე ისრაელის მიერ განხორციელებულ თავდასხმებს გმობენ და მხარეებს კონფლიქტის დეესკალაციისკენ მოუწოდებენ, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ეგვიპტის, იორდანიის, პაკისტანის, ბაჰრეინის, ბრუნეის, თურქეთის, ჩადის, ალჟირის, კომორის კუნძულების, არაბთა გაერთიანებული საამიროების, ჯიბუტის, საუდის არაბეთის, სუდანის, სომალის, ერაყის, ომანის, კატარის, ქუვეითის, ლიბიის და მავრიტანიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადებაში „ღრმა შეშფოთება გამოთქვეს რეგიონში საშიში ესკალაციის გამო“.
„ვადასტურებთ სახელმწიფოების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის და კეთილმეზობლობის პრინციპებისადმი პატივისცემის აუცილებლობას და მოვუწოდებთ ყველა მხარეს, მშვიდობიანი გზით მოაგვარონ დავები“, – ნათქვამია განცხადებაში.
მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ბირთვული იარაღისა და მასობრივი განადგურების სხვა იარაღისგან თავისუფალი ახლო აღმოსავლეთის შექმნის მნიშვნელობას და მოუწოდეს ქვეყნებს, შეუერთდნენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ ხელშეკრულებას.
„კონფლიქტი უნდა მოგვარდეს დიპლომატიურად და არ შეიძლება მისი სამხედრო გზით მოგვარება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
