მიმდინარე წლის 12-13 ივნისს, ბელგიის სამეფოში, ქალაქ ბრიუსელში, „კეთილსინდისიერებისა და მხილების ევროპული ქსელის“ (NEIWA), მე-10 გენერალური ასამბლეა გაიმართა. ინფორმაციას ანტიკორუფციული ბიურო ავრცელებს.
მათივე ცნობით, NEIWA (Network of European Integrity and Whistleblowing Authorities) 2019 წელს შეიქმნა და აერთიანებს იმ სახელმწიფო უწყებებს, რომლებიც მუშაობენ კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და მამხილებელთა დაცვის სფეროში.
ანტიკორუფციული ბიუროს ინფორმაციით, მისი მიზანია წევრ ქვეყნებს შორის გამოცდილების, ცოდნისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.
„საქართველო, როგორც ევროკავშირის ასოცირებული ქვეყანა და ანტიკორუფციული რეფორმების აქტიური მონაწილე, NEIWA-ს წევრია 2024 წლიდან. ქვეყანას ამ ქსელში წარმოადგენს საქართველოს ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც 2023 წელს ჩამოყალიბდა და უკვე აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო თანამშრომლობაში.
NEIWA-ს ფარგლებში, საქართველო: იღებს მონაწილეობას საერთო დეკლარაციებსა და ინიციატივებში, აზიარებს საკუთარ გამოცდილებას მამხილებელთა დაცვის მექანიზმების დანერგვაში და იღებს მხარდაჭერას ევროპული სტანდარტების დანერგვაში.
რიგით მე-10 ასამბლეაზე, საქართველო, კენჭისყრის გზით, “NEIWA”-ს მმართველი ბორდის წევრად აირჩიეს. მმართველი ბორდის წევრობა ნიშნავს, რომ შესაბამისი უწყება ან წარმომადგენელი მონაწილეობს ქსელის სტრატეგიულ მართვაში და იღებს პასუხისმგებლობას NEIWA-ს საქმიანობის კოორდინაციაზე, შეხვედრების ორგანიზებასა და საერთო მიზნების განხორციელებაზე.
ამავე ასამბლეაზე გადაწყდა, რომ 2027 წელს, „კეთილსინდისიერებისა და მხილების ევროპული ქსელის“ ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა საქართველო იქნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
