რეჯეფ ტაიპ ერდოანი: ყოველი დანაშაულით, რომელსაც ისრაელი კაცობრიობის წინაშე სჩადის, საფრთხეს უქმნის თავის არსებობას

“ყველა რეპრესიით, რომელსაც ახორციელებს, ყოველი წვეთი სისხლით, რომელსაც ღვრის და ყოველი დანაშაულით, რომელსაც ის სჩადის კაცობრიობის წინაშე, საფრთხეს უქმნის თავის არსებობასა და სახელმწიფოებრიობის მომავალს” – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოანმა 16 ივნისს, კაბინეტის წევრებთან თათბირის შემდეგ.
მან ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე და აღნიშნა, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ემსჯელათ:
„რუსეთ-უკრაინის ომი გრძელდება მძიმე შედეგებით ორივე მხარისთვის. პაკისტანსა და ინდოეთს შორის დაძაბულობა, მართალია კონფლიქტები დიდხანს არ გაგრძელებულა, კვლავაც ქმნის პოტენციურ საფრთხეს იმ ძალის გათვალისწინებით, რომელიც მხარეებს აქვთ.
ჩვენს გულისტკივილს იწვევს გენოციდი, რომელსაც ისრაელი ახორციელებს ღაზაში მთელი მსოფლიოს თვალწინ და სასტიკი ქმედებები, რომლებიც მან განახორციელა ლიბანსა და სირიაში.
სწორედ იმავე ისრაელმა ახლა წამოიწყო შეტევა ჩვენს მეზობელ ირანზე. სრულიად ნათელია, რომ თავდასხმის ყოველ დღეს, რომელიც დაიწყო ირანის ბირთვული ობიექტების მიზანში ამოღების ქვეტექსტით, სინამდვილეში ბევრად მომცველი და მზაკვრული მიზნები აქვს. ჩვენ თავიდანვე ვაცხადებით, რომ ირანის ბირთვულ პროგრამაზე მსჯელობა უნდა გამართულიყო მოლაპარაკებების მაგიდასთან“.
თურქეთის პრეზიდენტი ისრაელის ქმედებას “ბანდიტიზმს” უწოდებს და აღნიშნავს, რომ მზად არის ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირების მოგვარებაში ხელშემწყობის როლი შეასრულოს:
„პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ დიპლომატიითა და დიალოგით. ღიად მოვახსენეთ ჩვენს პარტნიორებს, რომ ჩვენ – თურქეთი მზად ვართ გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ხელგვეწიფება, ფასილიტატორის როლის შესრულების ჩათვლით”.
ერდოანმა განაცხადა, რომ ისრაელს არ ესმის რას სჩადის:
„ისრაელს, რომელიც თავს ესხმის ირანს, მიწასთან ასწორებს ღაზას და აბულინგებს ყველა ქვეყანას რეგიონში დასავლეთის შეუზღუდავი მხარდაჭერით, სინამდვილეში არ ესმის რას სჩადის. შესაძლოა მან მომავალში გაიაზროს რა შეცდომას უშვებს, მაგრამ გვიანი იქნება”.
ერდოანმა რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები განიხილა თურქეთის ინტერესებისა და მიზნების ჭრილში:
„ჩვენი ქვეყანა, რომელიც 86-მა მილიონმა ადამიანმა გვანდო, არის უსაფრთხოდ, კომპეტენტურსა და სანდო ხელში. ალაჰის ნებით, ვერავინ შეძლებს „თურქეთის საუკუნის“ შენებისთვის ხელის შეშლას. როგორ ღირსებითაც დღემდე გადავლახეთ ყველა გამოწვევა, ალაჰის შეწევნით, ავაცილებთ ჩვენს ქვეყანას რეგიონში არსებული კრიზისის ზეგავლენასაც“.
2023 წელს, თურქეთის რესპუბლიკის დაარსებიდან ერთი საუკუნის აღნიშვნისას თურქეთის პრეზიდენტმა ერდოანმა საგარეო პოლიტიკის ახალი, გრძელვადიანი პოლიტიკის ხედვა წარმოადგინა რესპუბლიკის არსებობის მეორე საუკუნისთვის და მას უწოდა “თურქეთის საუკუნე”, მიზნად კი “თურქული ღერძის” შექმნა გამოაცხადა.
16 ივნისს კრემლმა გაავრცელა ინფორმაცია ს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისა და თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოანის სატელეფონო საუბრის შესახებ. მთავარი თემები ისრაელ-ირანის კონფლიქტი და “უკრაინის პრობლემატიკა” იყო:
“ვლადიმირ პუტინმა და რეჯეფ ტაიპ ერდოანმა დაგმეს ისრაელის ძალისმიერი ქმედება ირანის წინააღმდეგ, რომელიც მან მიიღო გაეროს წესდებისა და საერთაშორი სამართლის სხვა ნორმების დარღვევით. ორივე მხარის მიერ გამოითქვა უსერიოზულესი შეშფოთება ირან-ისრაელის კონფლიქტის განგრძნობადი ესკალაციის გამო, რამაც უკვე მოიტანა დიდი რაოდენობით მსხვერპლი და მთელი რეგიონს გრძელვადიან მძიმე შედეგებს უქადის“ – ნათქვამია კრემლის განცხადებაში, რომელშიც “საკამათო საკითხების”, მათ შორის ირანის ბირთვული პროგრამის მოგვარების გზად “მხოლოდ პოლიტიკურ-დიპლომატიური საშუალებები” სახელდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – ცივილიზებულმა ადამიანებმა სასამართლო იმიტომ შექმნეს, რომ სამართლის დაყენება ველური წესებით აღარ მომხდარიყო – ყოველთვის „ბორინკა რადნოი“ არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ – პატრონი