“დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ახდენენ ზეწოლას” – ასე პასუხობს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი “ტვ პირველის” ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას იმის თაობაზე, თუ რას ემსახურება “ქართული ოცნების” მიერ ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდის წინა პლანზე წამოწევა.
“სამხრეთ ოსეთს დღის წესრიგში უდგას, რომ საგუშაგოს საქართველოს მთავრობას ააღებინებენ” – ამბობს შაიშმელაშვილი, რომელიც ასევე ფიქრობს, რომ რუსული გავლენების გარდა, ბიძინა ივანიშვილის გუნდს მიზნად გიორგი გახარიას დაკავება აქვს დასახული და ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმასთან დაკავშირებით პროკურატურაში ყოფილი მაღალჩინოსნების დაბარებაც ამის დასტურია.
მხოლოდ ერთი საკითხი არ მგონია, უფრო შეკრული არის. დარწმუნებული ვარ, რომ რუსები ახდენენ ზეწოლას. დღემდე სამხრეთ ოსეთისთვის ჩორჩანა არის ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევა. ანუ, მათი მთავრობის შიდა დისკუსიებში და საუბრებში ყოველთვის ამ თემით მანიპულირებენ. დღის წესრიგში უდგათ, რომ საგუშაგოს საქართველოს მთავრობას ააღებინებენ. მეორე, ეს არის გახარიას პირადი შურისძიება. თქვენ გქონდათ ანონსში ივანიშვილის გამოსვლა არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სადაც თქვა, რომ გვაქვს მასალები, რითაც ვაპირებთ გახარიას დაჭერას. მესამე, ემზადებიან საარჩევნო მანიპულაციისთვის.” – განაცხადა ირაკლი შაიშმელაშვილმა.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ამ თემასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს, გიორგი გახარიას შეკითხვები ე.წ. წულუკიანის საგამოზიებო კომისიაზე დაუსვეს.
“ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
„ყველამ ყველაფერი იცოდა“, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო – თქვა “ქართული ოცნების” საპასუხოდ გიორგი გახარიამ, აპრილში.