1 იანვრიდან გარკვეულ გზებზე ზამთრის საბურავების ქონა სავალდებულო ხდება – კანონის ამოქმედებამდე 3 დღით ადრე დეტალები ცნობილი ჯერ კიდევ არაა

2024 წლის 1-ელი იანვრიდან მაღალმთიან რეგიონებში და უღელტეხილებზე მოძრაობისას ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ზამთრის საბურავების ქონა სავალდებულო ხდება (ოთხივე საბურავი), ასევე გარკვეულ მონაკვეთებზე სავალდებულო ხდება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებაც (არანაკლებ 2წამყვან თვალზე). პარლამენტის მიერ კანონის მიღების შემდეგ მთავრობას დაევალა განსაზღვროს როგორც საბურავების სტანდარტი, ასევე გზის კონკრეტული მონაკვეთები, რომელზედაც გავრცელდება შეზღუდვა. კანონის თანახმად, ავტომობილის მფლობელი, რომელიც განსაზღვრულ მონაკვეთში ზამთრის საბურავების გარეშე გადაადგილდება დაჯარიმდება 100 ლარით და მართვის მოწმობაზე ჩამოაკლდება 5 ქულა. ასევე პოლიციის თანამშრომელს აქვს იმის უფლება, რომ მძღოლს შეუზღუდოს მართვა, ჩამოართვას ავტოსატრანსპორტო საშუალება და გადაიყვანოს სადგომზე.
ცვლილების დეტალებზე რადიო „კომერსანტის“ ახალ პროექტში „შენი უფლებები“ იურისტმა გვანცა ჟორჟოლიანმა ისაუბრა. მისი თქმით, დეკემბრის დასაწყისში მიღებული კანონი ძალაში იანვარში შედის, რაც ძალიან მოკლე დროა, ამ ეტაპზე კი არანაირი საინფორმაციო კამპანია არაა ჩატარებული და მოსახლეობისთვის არაა მიწოდებული შესაბამისი ინფორმაცია. ჯერჯერობით შესაბამისი სტანდარტების შესახებ არც მთავრობის დადგენილება გამოქვეყნებულა.
„ძალიან მოკლე ვადაა იმისთვის, რომ მოსახლეობას მიეცეს საშუალება უზრუნველყონ მოთხოვნილი სტანდარტები. ამ დრომდე მოსახლეობისთვის ცნობილი არაა ამ სტანდარტების დეტალების შესახებ. მათ შორის ის შეესაბამება თუ არა ამ სტანდარტებს MS (ტალახი/თოვლის) ტიპის საბურავები, აქვს თუ არა უფლება პოლიციელს ჩამოართვას მძღოლს მანქანა და სადგომზე გადაიყვანოს, ვინ იხდის სადგომის ღირებულებას, რას ნიშნავს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვები არანაკლებ 2 წამყვან თვალზე, რა ხდება იმ შემთხვევაში თუ 4 წამყვანი თვალია,”- აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.
მისი თქმით, არსებული კანონით კონტროლის მექანიზმი მთლიანად გადაბარებული აქვს საპატრულო პოლიციას, მას აქვს უფლება გააჩეროს, შეამოწმოს, თუ არ მოეწონა საბურავების პროტექტორი ან ტექნიკური მდგომარეობა დააჯარიმოს ავტომობილის მფლობელი, მანქანა გადაიყვანოს საჯარიმო სადგომზე, ან არ მისცეს საშუალება რომ გააგრძელოს მოძრაობა.
როგორც გვანცა ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დღეის მდგომარეობით მოქმედი კანონი ისედაც აწესებს შეზღუდვებს, რომლის ფარგლებშიც მოქმედებს მანიშნებლები გზებზე, ასევე ვრცელდება საინფორმაციო საშუალებებით ინფორმაცია თუ სად უნდა იმოძრაონ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით და ა.შ., კანონის გამკაცრებული სახით ამოქმედებას კი უფრო მეტი მოსამზადებელი დრო სჭირდება. გვანცა ჟორჟოლიანი მიიჩნევს, რომ კანონის ამოქმედება დროებით უნდა გადავადდეს და შესაბამის სწორი საინფორმაციო კამპანია ჩატარდეს.
„კანონი მაშინ არის გამართული როდესაც არ სვამს დამატებით შეკითხვებს, თუ არის ძალიან ბევრი შეკითხვა ე.ი კანონი არაა სრულყოფილი. სახელმწიფომ ძალაში შესვლა უნდა გადასწიოს გარკვეული ვადით, რათა ჩაატაროს სწორი საინფორმაციო კამპანია მოქალაქეებისთვის.“ – აღნიშნა გვანცა ჟორჟოლიანმა.

გზის რომელ მონაკვეთებზე ამოქმედდება შეზღუდვა და რა სტანდარტის საბურავებით უნდა იმოძრაონ აღნიშნულ გზებზე ავტომობილებმა – კრიტერიუმი მთავრობამ უნდა განსაზღვროს და შესაბამისი დადგენილება საკანონმდებლო მაცნეზე გამოაქვეყნოს. დღეს 28 დეკემბერს, კანონის ამოქმედებამდე 3 დღით ადრე მსგავსი დადგენილება ჯერჯერობით გამოქვეყნებული არაა.