საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსის, კახა კახიშვილის განცხადებით, ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის საკითხზე მთავრობის ადმინისტრაცია ოფიციალურად ინფორმირებული არ ყოფილა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილმა უფროსმა, კახა კახიშვილმა, პროკურატურში გამოკითხვის დეტალებზე ისაუბრა.
როგორც კახიშვილმა განმარტა, აღნიშნულ თემაზე ოფიციალური არხებით ინფორმაცია არ მიუღია.
“როგორც ცნობილია, საქართველოს პროკურატურაში დაბარებული ვიყავი დაკითხვაზე ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით. იმ პერიოდში ვიყავი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი. გამოძიებას აინტერესებდა იყო თუ არა მთავრობის ადმინისტრაცია ინფორმირებული ამ მოსალოდნელ საფრთხეებზე ან გადაწყვეტილების მიღებასთან. მე ვუპასუხე ის როგორც იყო – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურად არ ყოფილა [ინფორმირებული] მეტიც, არც ერთ სამუშაო თათბირზე, რომელიც ჩემი მონაწილეობით მიმდინარეობდა, ეს საკითხი არ განხილულა”,- გამაცხადა კახიშვილმა.
კითხვაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ როდის შეიტყო აღნიშნულის შესახებ, კახიშვილმა განაცხადა, რომ მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, არც ერთი უწყებიდან ადმინისტრაციაში კორესპონდენცია არ შესულა.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ჩორჩანას საკითხი 29 აგვისტოს გახმაურდა, ხოლო ბახტაძემ 2 სექტემბერს გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა:
“ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კორესპონდენცია პრემიერ-მინისტრის ინფორმირებულობის მიზნით, ინფორმაცია საქართველოს ადმინისტრაციაში არც ერთი უწყებიდან არ შემოსულა. ვერ დავადასტურებ სატელეფონო ფორმატით იყო თუ არა პრემიერ-მინისტრისთვის ცნობილი, მაგრამ ოფიციალურ ფორმატში ინფორმაცია არ ყოფილა.
თუ ნახავთ არქივებს, ეს საკითხი 29-ში [აგვისტო] გახმაურდა, ხოლო 2-ში [სექტემბერი], ფაქტობრივად 3 დღეში, მამუკა ბახტაძე გადადგა. ბახტაძემ გადადგომის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა. თუმცა გადადგომამდე 1 კვირის წინ, უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ვიცოდით, რომ პრემიერი გადადგომას აპირებდა, შესაბამისად , პრემიერი აქტიურობით არ გამოირჩეოდა. მეტიც, რადგან ბახტაძე თვლიდა , რომ უნდა გადამდგარიყო, აგვისტოს
მეორე ნახევარში მთავრობის სხდომებიც არ ჩატარებულა. 29-ში რომ გახდა ცნობილი და 2-ში თანამდებობას ტოვებს, რა რეაგირება უნდა მოეხდინა მას?!”,- განაცხადა კახიშვილმა.
რაც შეეხება თავად მას, კახიშვილი აცხადებს, რომ ჩორჩანას საგუშაგოს შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მედიის საშუალებით გაიგო.
“ მე ამის შესახებ ინფორმაცია მედიის საშუალებით შევიტყვე, სხვა ფორმატით ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიმიღია”,- განაცხადა კახიშვილმა.
