ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ საქართველოში ადამიანის უფლებათა სფეროში შემაშფოთებელი მდგომარეობის სათანადოდ შეფასებას, მათ შორის, მაქარაშვილის ჯგუფის საქმეების გაძლიერებულ ზედამხედველობაზე გადატანას, რაც საპროტესტო აქციების ფარგლებში ადმინისტრაციული კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებისთვის სახელმწიფოს ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი მექანიზმია.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გავაგრძელებთ საქართველოში წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის განახლებული ინფორმაციის წარდგენას“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, 10-12 ივნისს, სტრასბურგში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ადამიანის უფლებათა სხდომის ფარგლებში შეფასდა ევროსაბჭოს წევრი ქვეყნების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესი. შეხვედრაზე განხილულ იქნა ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესიც, რომელიც აერთიანებს საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს სამართალდამცავების მიერ წამებისა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე, ასევე ამ საქმეებზე არაეფექტიან და ხარვეზიან გამოძიებას.
„საკითხის განხილვამდე, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მას დეტალური ინფორმაცია წარუდგინეს. მინისტრთა კომიტეტმა ცინცაბაძის საქმეების ჯგუფზე მიღებულ გადაწყვეტილებაში საქართველო არაერთი მიმართულებით გააკრიტიკა და რეკომენდაციები გასცა როგორც ინდივიდუალური საქმეების ეფექტიანი აღსრულების (მათ შორის, მაჩალიკაშვილის საქმის), ისე ზოგადი ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით. კომიტეტმა მძიმე შეშფოთება გამოხატა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის, სახალხო დამცველის და სამოქალაქო საზოგადოების ანგარიშებში ასახული ინფორმაციის შესახებ, რომლებშიც აღწერილია სამართალდამცავების მიერ ფართომასშტაბიანი და გადამეტებული ძალის გამოყენება 2024-2025 წლებში გამართულ საპროტესტო აქციებზე. ხაზი გაუსვა ეფექტიანი გამოძიებისა და დასჯის მნიშვნელობას წამების პრაქტიკების დაუსჯელობის აღმოსაფხვრელად და მკაცრად მოუწოდა ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ საქმეების დამოუკიდებელი, ყოვლისმომცველი და სწრაფი გამოძიება. ამასთანავე, კომიტეტმა სახელმწიფოს მოსთხოვა, მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების კონკრეტული შედეგების და გამოძიებას დაქვემდებარებული სამართალდამცავებისთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ“, — ნათქვამია საიას განცხადებაში.
მინისტრთა კომიტეტმა ასევე წუხილი გამოხატა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მექანიზმის გაუქმების საკანონმდებლო ინიციატივის გამო და სახელმწიფოს მოუწოდა, თავი შეიკავოს ამ ინიციატივის საბოლოო მიღებისგან და განახორციელოს ღონისძიებები ამ ორგანოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.
გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტებისგან დაცვის ეფექტიანი მექანიზმების არსებობა, სავალდებულო გახადოს სამართალდამცავების მიერ ამოსაცნობი ნიშნების ტარება და გაზარდოს სამართალდამცავების მიერ მოქალაქეებთან კომუნიკაციის ვიდეო დოკუმენტირების ეფექტიანობა და მასშტაბი. ამასთან, კომიტეტი საქართველოს მიმართავს, მიაწოდოს ინფორმაცია სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების დაგეგმვისა და ჩატარების დოკუმენტირების პრაქტიკის შესახებ.
კომიტეტმა ასევე წუხილი გამოხატა მსხვერპლებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭების განგრძობადი პრობლემის გამო და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები ამ სისტემური პრობლემის აღმოსაფხვრელად. გარდა ამისა, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარანტიების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს გამოძიების ფარგლებში საიდუმლოდ ცნობილი ინფორმაციის მსხვერპლებისთვის დროულ გაცნობას.
მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს ასევე მოუწოდა, გააუმჯობესოს საკანონმდებლო და პოლიტიკის ჩარჩო, რომელიც არეგულირებს არასათანადო მოპყრობის დანაშაულების კვალიფიკაციას.
კომიტეტმა ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების როლს წამებისა და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციისა და კონვენციასთან და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებთან შესაბამისობის მონიტორინგის თვალსაზრისით. სწორედ ამიტომ, კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, უზრუნველყოს თავისუფალი გარემო სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობისთვის, მათ შორის, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროცესში.
მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესი არაუგვიანეს 2026 წლის მარტის სხდომაზე შეფასდება.
რაც შეეხება მაქარაშვილის ჯგუფის საქმეებს, ისინი შეეხება საპროტესტო აქციებზე შეკრების თავისუფლებისა და სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას, ასევე, პოლიციის მიერ დემონსტრანტების უკანონო დაკავებასა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კანონმდებლობის ბოროტად გამოყენებას.
„მინისტრთა კომიტეტმა ამ ჯგუფის ფარგლებში წამოჭრილი საკითხების მნიშვნელობიდან და ამ საქმეების აღსრულების პროცესში ხელშესახები პროგრესის საჭიროებიდან გამომდინარე, მაქარაშვილის ჯგუფის საქმეები გაძლიერებული ზედამხედველობის პროცედურას დაუქვემდებარა. მინისტრთა კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეებში მომჩივნების მიერ მშვიდობიან საპროტესტო აქციებში მონაწილეობის თავისუფლება მჭიდროდ უკავშირდება ზოგადი ღონისძიებების გატარებას. ამასთანავე, კომიტეტმა ხაზი გაუსვა, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების, აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპებს, რათა თავიდან იქნეს აცილებული მსუსხავი ეფექტის გავლენა ამ ფუნდამენტური უფლებით სარგებლობაზე“, — აცხადებს საია.
მინისტრთა კომიტეტმა სახელმწიფოს კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება დაავალა. კერძოდ, სახელმწიფომ მინისტრთა კომიტეტს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც საპროტესტო აქციების კონტექსტში ადმინისტრაციული დაკავების/პატიმრობისა და მსჯავრდებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩოს, სასამართლო და სამართალდამცავი პრაქტიკების ევროპული კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად გატარდება, მათ შორის, კანონის არაპროპორციული და თვითნებური გამოყენებისგან უფლების დაცვის სათანადო საშუალებების უზრუნველსაყოფად. აგრეთვე, სახელმწიფომ კომიტეტს უნდა მიაწოდოს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები და რელევანტური პრაქტიკის ანალიზი.
