დღეს საგარეო უწყება არის საცოდავი აჩრდილი იმისა, რაც ადრე გვქონდა – უწყებაში, რომელიც ერთ დროს სანიმუშო და უძლიერესი იყო მსოფლიოში, პერმანენტული ეროზია მიდის და დღეს ის დიდი პროტოკოლური უწყების დონემდეა დასული! – აღნიშნული შეფასება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და მის შემადგენლობაში მიმდინარე სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, პარტია “ევროპელი დემოკრატების“ წევრმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ გააკეთა.
როგორც ვაშაკიძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, “საგარეო უწყება სავსეა უამრავი არაპროფესიონალითა და პარტიულ-ნათესაური ნიშნით მისული ადამიანით“. მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოცდილი პროფესიონალების უზარმაზარმა რაოდენობამ დატოვა ან დაატოვებინეს.
“მე სხვადასხვა ფორმით არაერთხელ მითქვამს, რომ იმ ტიპის საგარეო პოლიტიკის გათვალისწინებით, რაც “ქართული ოცნების“ ხელისუფლებას აქვს, სერიოზული დიპლომატია, დახვეწილი სერიოზული საგარეო აქტივობა არ სჭირდებათ და არც აწარმოებენ.
პროფესიული და ძლიერი საგარეო უწყება არ სჭირდებათ – პირდაპირ ვიტყვი, რომ უწყებაში, რომელიც ერთ დროს სანიმუშო და უძლიერესი იყო მსოფლიოში, პერმანენტული ეროზია მიდის და დღეს ის დიდი პროტოკოლური უწყების დონემდეა დასული!“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ვაშაკიძემ “დღის ნიუსრუმში“ ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაწყებულ გამოძიებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და როგორც აღნიშნა, გამოძიების დაწყების მიზანი შეიძლება იყოს როგორც გიორგი გახარიას პოლიტიკური განეიტრალება, ასევე პირადი შურისძიება მის მიმართ.
ვაშაკიძე გამოთქვამს ვარაუდს, რომ გახარიას გაასამართლებენ.
“საქართველოში მართლმსაჯულების პროცესი იმდენად პოლიტიზირებულია და იმდენად დაქვემდებარებულია პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, რომ ლოგიკას მხოლოდ ამ კუთხით თუ დავინახავთ.
როდესაც ჩორჩანას ეპიზოდი 6 წლის შემდეგ ახსენდებათ, რომელიც თავის დროზე პროკურატურამ უმნიშვნელოდ და უწყინარად ჩათვალა, გამოდის, რომ ეს პოლიტიკური საჭიროების გამო კეთდება. ეს საჭიროება არის ის, რომ სავარაუდოდ, გიორგი გახარიას გასამართლება უნდა მოხდეს.
მიზანი შეიძლება იყოს გახარიას პოლიტიკური განეიტრალება და პირადი შურისძიება, რადგან პოლიტიკური გუნდიდან პრემიერ მინისტრის ასეთი ხმაურიანი წასვლა გუნდის შიგნით დიდ ბრაზსა და გაღიზიანებას იწვევს. ამის გათვალისწინებით შეიძლება მიეღოთ გახარიას დასჯის გადაწყვეტილება.
თუ გახარია ის პოლიტიკური ფიგურა იყო, რომელიც გარედან მიღებულ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებდა, ის პრემიერ-მინისტრად ამ პოლიტიკურმა გუნდმა დანიშნა, გამოდის, რომ გარე დავალებებს ისინი შეთანხმებულად და შეხმატკბილებულად ასრულებდნენ – გარე დავალებებს ან ყველანი ერთად ასრულებდნენ ან გახარია ასეთ დავალებას არ ასრულებდა“, – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
ვაშაკიძემ სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) სოციოლოგიური კვლევის შედეგებიც შეაფასა, რომლის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ოპოზიციის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ემხრობა.
ვაშაკიძის აზრით, გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქართველ ამომრჩეველს პარადოქსული აზროვნება ახასიათებს.
მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას“ 4 ოქტომბრის არჩევნებში მრავალპარტიული სურათის უზრუნველყოფა გარანტირებული აქვს.
ამასთან, როგორც ვაშაკიძემ აღნიშნა, პარტია “ევროპელი დემოკრატები“ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.
“იმის მიუხედავად, რომ არჩევნების სამართლიანად ჩატარებას 40%-ზე ცოტა მეტი ენდობა, არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობას 54% ენდობა. გამოდის, რომ საქართველოს ამომრჩევლების საკმაოდ დიდი რაოდენობა, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული არიან, რომ არჩევნები უსამართლოდ ჩატარდება, მაინც ჩატარების მომხრენი არიან.
ეს ჩვენი მოსახლეობის გარკვეული ნაწილის ცნობიერების თავისებურებაა. ხშირად ჩვენი ამომრჩევლების გონებაში არათავსებადი მიდგომები თავსდება.
არჩევნები მაინც ჩატარდება, რადგან ხელისუფლებას მრავალპარტიული სურათის უზრუნველყოფა გარანტირებული აქვს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რამდენიმე მსხვილი ოპოზიციური გაერთიანებს ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს.
ვხედავთ, რომ ამ მსხვილ ოპოზიციურ გაერთიანებებში არც თუ უმნიშვნელო ნაწილი არჩევნებში მონაწილეობის მზადყოფნას და სურვილს გამოხატავს.
“ქართულ ოცნებას“ იმ მიზნის მიღწევა, დადოს სურათი, რომ ადგილობრივი არჩევნები მრავალპარტიულობის საფუძველზე ჩატარდა, გარანტირებული აქვს. ყველა პოლიტიკური ორგანიზაციის ინდივიდუალური არჩევანის საგანია, აწყობთ თუ არა მათ დახარჯონ რესურსი და ძალისხმევა პროცესში, რომელიც ამ სცენარით განვითარდება“, – განაცხადა ვაშაკიძემ.
