ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, ისრაელში დაღუპულია 24 ადამიანი და დაჭრილია 592.
ისრაელის თავდაცვის არმიის თანახმად, ოთხ დღეში ირანმა ისრაელზე იერიში მიიტანა 370 ბალისტიკური რაკეტით და ასეულობით დრონით, რომელთა დიდი უმრავლესობა მოგერიებულია.
ირანის მხრიდან დარტყმებს ნგრევა მოჰყვა ისრაელის არაერთ ქალაქში
ირანის ისლამური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისრაელის არმიის ავიადარტყმების შედეგად, 16 ივნისის დილის მდგომარეობით, დაღუპულია 224 ადამიანი და დაჭრილია 1481.
თეირანის თანახმად, მოკლულთა დიდი უმრავლესობა სამოქალაქო პირი იყო.
ისრაელმა ირანის წინააღმდეგ 13 ივნისს დაიწყო სამხედრო ოპერაცია, რომლის სამიზნედ გამოაცხადა ისლამური რესპუბლიკის სამხედრო დანიშნულების ობიექტები, მათ შორის ობიექტები, სადაც, ისრაელის განცხადებით, თეირანი ბირთვულ იარაღს ქმნის და ისრაელის არსებობას ემუქრება.
პასუხად ირანმა ისრაელზე რაკეტებით და დრონებით შეტევა დაიწყო. თეირანში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაცია სამოქალაქო ობიექტებსაც ბომბავს.
ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და სხვა სამხედრო მაღალჩინოსნები. ასევე – მეცნიერები, რომლებიც ბირთვული იარაღის შექმნაში მონაწილეობდნენ. ცხრა მათგანის ვინაობა ისრაელის არმიამ 14 ივნისს გამოაქვეყნა.
ამასთან, სააგენტო Reuters-ის ინფორმირებული წყაროების ცნობით, ირანში როგორც ავიადარტყმების, ისე ავტომობილების აფეთქებების შედეგად მოკლულია ბირთვული იარაღის შემუშავებაში ჩართული სულ მცირე, 14 პირი.
ფორუმი
