“ძალიან მინდოდა ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა ბუდაპეშტში და გულშემატკივარი გამეხარებინა” – მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში ეთერ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია.
25 წლის სპორტსმენმა უნგრეთის დედაქალაქში 57 კგ წონითი კატეგორიის ფინალში იაპონელი მომო ტამა-ოკი იპონით დაამარცხა. ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი ქალი ძიუდოისტია, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მიიღო.
ჩემპიონატზე დღეს 81 კილოგრამში ვაჟებში უკვე ტატო გრიგალაშვილი და დებიუტანტი ზაურ დვალაშვილი გამოვლენ ტატამზე.
ქალებში კი 63 წონით კატეგორიაში ეთერ ასკილაშვილი იასპარეზებს.
მსოფლიო ჩემპიონმა ეთერ ლიპარტელიანმა გამარჯვების შემდეგ გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა.
“პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გულშემატკივარს. ძალიან მამხნევებდნენ მთელი დროს განმავლობაში და ძალიან მინდოდა, რომ ქართული ჰიმნი ამეჟღერებინა ბუდაპეშტში და ჩვენი ქართველი გულშემატკივარი გამეხარებინა.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მწვრთნელებს, ფედერაციას, ყველანაირად მეხმარებოდნენ, რომ მოგვეპოვებინა ოქროს მედალი”, – განაცხადა ეთერ ლიპარტელიანმა.