ისრაელი აგრძელებს ოპერაციას, რომელიც 13 ივნისს, გამთენიისას დაიწყო ირანის ბირთვულ და სამხედრო ობიექტებზე შეტევით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ქვეყნის სულ მცირე შვიდ რეგიონში მოქმედებდა საჰაერო თავდაცვის სისტემა.
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმა განხორციელდა ირანის დასავლეთში მდებარე მიწისქვეშა საწყობზე, სადაც განთავსებული იყო ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები, და მათი გამშვები დანადგარები.
დასავლური მედიასაშუალებების ისრაელში მყოფი წყაროებისა და ირანული მედიის თანახმად, სამხედროებმა დაარტყეს ირანის გაზის მრეწველობის სულ მცირე ორ ობიექტს, მათ შორის, „სამხრეთ პარსს“ – გაზის საბადოს, რომელიც მსოფლიოში უდიდესად ითვლება. ირანული სააგენტო Tasnim, რომელიც Reuters-ს ციტირებს, იტყობინება, რომ იქ გაზის მოპოვება ნაწილობრივ შეჩერებულია. კიდევ ერთ დარტყმაზე იუწყებოდა ბენდერ-აბასის რაიონში, გაზის ინფრასტრუქტურაზე.
ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ შაბათს ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქალაქ ისპაჰანში არსებულ ბირთვულ ობიექტზე დაზიანებულია „ოთხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი შენობა“.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ეფი დეფრინმა შაბათს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები აგრძელებენ „მასშტაბურ დარტყმებს ირანის სხვადასხვა რეგიონში“. მისი თქმით, ოპერაციის დაწყების შემდეგ დარტყმები განხორციელდა 150-ზე მეტ ობიექტზე, მათ შორის, თეირანშიც.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ განაცხადა, რომ ირანი უახლოეს საათებში დაიწყებს „მკაცრ და დამანგრეველ დარტყმებს“ ისრაელზე. პარასკევს ღამით ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი რაკეტა გაუშვა, რომელთაგან ნაწილმა საჰაერო თავდაცვის სისტემა გადალახა. გავრცელდა ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია.
დაახლოებით 23:00 საათზე ისრაელის არმიამ ირანიდან რაკეტების გაშვების შესახებ გამოაცხადა და მოსახლეობას თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.
14 ივნისს ასევე გახდა ცნობილი, რომ ირანმა უარი თქვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებაში მონაწილეობაზე, რომლის მორიგი რაუნდი კვირას ომანში იყო დაგეგმილი. საფრანგეთის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მოლაპარაკების განახლება შესაძლებელი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი შეწყვეტს დარტყმებს.
მოლაპარაკების აუცილებლობაზე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან საუბრისას თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმაც, რომელმაც მანამდე მკაცრად გააკრიტიკა ისრაელის ქმედებები. ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ორივე პრეზიდენტი შეთანხმდა, რომ „ისრაელსა და ირანს შორის ომი უნდა დასრულდეს“.
13 ივნისს, გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობდნენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის საპასუხო ავიადარტყმების ქვეშ მოხვდა 13-14 ივნისის ღამეს თელ-ავივი, სადაც დაშავდა სულ ცოტა 35 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ირანის მიერ განხორციელებულ ავიაშეტევას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობითვე, ისრაელის მიერ თეირანში, საცხოვრებელ კორპუსზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 60 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, 20 ბავშვი.
ფორუმი