ზელენსკის თქმით, ეს ერთი კვირის განმავლობაში მეოთხე გაცვლაა. დაბრუნებულ უკრაინელ სამხედროებს შორის არიან უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები, ეროვნული გვარდიის, სასაზღვრო სამსახურისა და სატრანსპორტო სამსახურის თანამშრომლები. მათი უმეტესობა 2022 წლიდან იმყოფებოდა რუსეთის ტყვეობაში.
სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბი აზუსტებს, რომ დაბრუნებულთა მნიშვნელოვანი ნაწილი მარიუპოლის დაცვის დროს ჩავარდა ტყვედ. გათავისუფლებულთა უმეტესობა ოფიცერია. დაბრუნებულთაგან ზოგიერთი 25 წლამდე ასაკისაა.
ადამიანის უფლებათა დამცველმა დმიტრო ლუბინეცმა დაწერა, რომ გათავისუფლებულთა შორის არიან ადამიანები, რომლებიც დაკარგულად ითვლებოდნენ.
„დაბრუნებულთაგან ყველაზე უფროსი 63 წლისაა, ყველაზე ახალგაზრდა კი 21 წლის“, – თქვა მან.
რუსეთსა და უკრაინაში დაბრუნებულთა რაოდენობა ცნობილი არ არის. გათავისუფლებული რუსები ამჟამად სამედიცინო შემოწმებისთვის ბელარუსში იმყოფებიან.
უფრო ადრე რუსეთმა უკრაინას 1200 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი გადასცა. ასევე ცნობილი გახდა, რომ ქვეყნებმა დაიწყეს „ჰუმანიტარული გაცვლა“, რომლის ფარგლებშიც მხარეები ერთმანეთს დაჭრილებს უბრუნებენ.
ფორუმი