„ტრაქტორები უნდა მიმეყვანა და მომეტაცა [საგუშაგო]? – გომელაური გამოკითხეს ჩორჩანის საგუშაგოს საქმეზე

„შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ-ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანის საგუშაგოს დადგმის შესახებ“, – ასე უპასუხა პროკურატურიდან გამოსულმა ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს.
14 ივნისს ის გენერალურ პროკურატურაში დაბარებული იყო გამოკითხვაზე გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე.
პროკურატურის ცნობით, „მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად შესწავლის საგანს წარმოადგენს 2019 წლის 24 აგვისტოს სოფელ ჩორჩანასთან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ განხორციელებული ქმედება”.
ვახტანგ გომელაური სწორედ ამ ეპიზოდის ფარგლებში იყო დაბარებული გამოკითხვაზე. 2019 წლის აგვისტოში ის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.
გომელაური ამბობს, რომ ჩორჩანაში, საგუშაგოს დადგმა საფრთხეს წარმოადგენდა არაერთი მიმართულებით, მათ შორის, წარმოშობდა ომის საფრთხეს და ის არ იყო ინფორმირებული იმის შესახებ, რომ გიორგი გახარიას გადაწყვეტილებით, ჩორჩანაში საგუშაგო უნდა მოწყობილიყო:
„ვიყავი თუ არა საქმის კურსში საგუშაგოს აღმართვის შესახებ, შევთანხმდით თუ არა… გიდასტურებთ, რომ შეთანხმებული არ ყოფილა და პოსტ ფაქტუმ გავიგეთ ჩორჩანას საგუშაგოს დადგმის შესახებ. რა თქმა უნდა, ჩვენი ტერიტორიაა, აქედანაც და იქიდანაც, თუმცა, სამწუხაროდ, ამ ფაქტის წინაშე ვდგავართ.
ხდებოდა ხოლმე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან შეთანხმება, ისინი მერე უკვე ამ საერთო ფორმატში ათანხმებდნენ. ყოფილა რამდენიმე შემთხვევა, სადაც ყოფილა დათანხმება იქითა მხრიდან: გააკეთეთ, ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ასე ხდებოდა. ასე რომ, მარტო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელი რომ ჩააყენო საქმის კურსში ან რომელიღაც დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასე არ ხდებოდა…
შეიძლება საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით, ესეც შეიძლება. ყველას ჩვენ გვახსოვს წინა ისტორიიდან, თუნდაც 90-იანების, თუნდაც მაგ მიმართულებით, სამაჩაბლოს ომი, ს ომი, ეგრე დაიწყო.
ალბათ თვითონ უნდა თქვას [გიორგი გახარიამ], რა მიზანი ჰქონდა. რა უნდა გაეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს? ტრაქტორები უნდა მიმეყვანა და მომეტაცა [საგუშაგო]? ჩემი უფლებამოსილება რაც იყო, გავაკეთე ის. აქ დეტალებს ვერ მოვყვები, თუ დაწყებულია გამოძიება თუ მოკვლევა, თუ რაც არის, ნახავენ, რაც გავაკეთე. მე თუ რაიმე ბრალეულობა მიმიძღვის, მე მზად ვარ, პასუხი ვაგო. უსაფრთხოების სამსახურს რა უფლებამოსილებაც აქვს, ინფორმირება, ეს, ეს, ეს…მე ყველაფერი გავაკეთე“, – უთხრა გამოკითხვიდან გამოსულმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს. პროკურატურაში მან დაახლოებით 2 საათი გაატარა.
ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალურ პროკურატურაში 14 ივნისს, 17 საათისთვის მივიდა.
ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს განიხილავს სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაც.
“ქართული ოცნების” პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრთა თქმით, გიორგი გახარიამ მათი ხელისუფლების პირობებში, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, პოლიციის საგუშაგო ყველას უგულებელყოფით, თვითნებურად ააშენა და ახალი ომი საფრთხე შექმნა.
გახარიამ გამოკითხვისას თქვა, რომ შესაძლოა ახლა გადათქვან, მაგრამ მაშინ „ყველამ ყველაფერი იცოდა“ და რომ 2019 წლის აგვისტოში დრო არ ითმენდა, „დასწრება“ იყო საჭირო, რადგან სასწორზე 1800 ჰექტარი ტყის მასივის დაკარგვა იდო.
გიორგი გახარია პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ აპრილში გამოკითხა.
პროსახელისუფლებო მედია მაშინ აქტიურად გადასცემდა ცნობებს იმის შესახებ, რომ საგუშაგომ საოკუპაციო ხაზთან ვითარება დაამძიმა და გახარიამ ხაშურის რაიონის სოფელ ჩორჩანაში შეიარაღებული დაპირისპირების პროვოცირება მოახდინა.
კომისია ჩორჩანის საგუშაგოს საკითხს რამდენიმე დღის წინ კვლავ დაუბრუნდა. 11 ივნისს, სხდომაზე დაბარებული ელგუჯა ხარაზიშვილი კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა რამდენჯერმე წარადგინა ჩორჩანის მკვიდრად. თუმცა, აღმოჩნდა რომ კაცი სოფელ წაღვლიდან იყო.
ელგუჯა ხარაზიშვილის მონათხრობით: ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შემდეგ, ადგილობრივები ვეღარ შედიან წაღვლის ტყეში, რადგან სიღრმეში შემოჭრილმა საოკუპაციო რეჟიმმა თავისი საგუშაგოც გახსნა და ტყის ნახევარი მიიტაცა.
ხარაზიშვილს არაფერი უთქვამს, თუ რა პრობლემების წინაშე იდგა სოფელი ჩორჩანა, საგუშაგოს გახსნამდე და რას ფიქრობენ ჩორჩანელები ახლა.
ფორუმი