როცა გავიგეთ, რომ ტრაქტორები მუშაობდნენ და იქ უნდა გაკეთებულიყო ახალი საგუშაგო, დავუკავშირდი და ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა. შეიძლება ამას ესკალაცია მოჰყოლოდა. გადავრჩით. ასობით ჰექტრობით ტყე დავკარგეთ, საძოვრები დაკარგა იმ ხალხმა – ეს იყო ყველაზე პატარა საფრთხე, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა, შეიძლება საერთოდ ომის წინაშე დავმდგარიყავით, გვახსოვს ისტორიიდან, რომ სამაჩაბლოს ომი, აფხაზეთის ომი, ასე დაიწყო,- ამის შესახებ ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან გომელაური განმარტავს, ზოგადად, როგორც ხდება საგუშაგოს გაკეთების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
„გახარია სულ რამდენიმე წელი იყო მინისტრი, მე 2013 წლიდან მოადგილე ვიყავი და ჩემს საკურატოროში შემოდიოდა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი, რომელიც წინა ხაზზე დგას. ასევე მინისტრი ვიყავი, შემდეგ უსაფრთხოების სამსახურში გადავედი. ასე არ ხდებოდა, რომ რაღაც საფრთხე გაიგო შინაგან საქმეთა მინისტრმა და წავედი ახლა მე იქ საგუშაგო უნდა ჩავდგა. ასეთი რამ დაუშვებელია. ამას შეიძლება მართლა დიდი უბედურება მოჰყვეს. გაგვიკეთებია ჩვენ მოძრავი საპატრულო ჯგუფები, შეგვითანხმებია, დაგვიმატებია. საგუშაგო კი არ ჩაგვიდგია, არამედ მიგვიწევია საპატრულო მანქანები, სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც იქ მოძრაობდნენ ჩვენი მოქალაქეების დაცვის მიზნით. ვფიქრობ, არცერთ შემთხვევაში არ უნდა ჩაედგა, თუმცა გიორგი გახარია იქნებოდა, ვახტანგ გომელაური თუ ვინ, ეს უნდა შეეთანხმებინა უსაფრთხოების სამსახურთან, შემდეგ ერთობლივი ინფორმაცია, დამუშავებული უნდა წასულიყო პრემიერ-მინისტრთან, შემდეგ უნდა დაგვებარებინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და გვეთქვა, ან თქვენ დაარეგულირეთ, ან ჩვენ ეს უნდა შევიყვანოთ. ეს არ მომხდარა. ყოველ შემთხვევაში ჩემთან არ შეუთანხმებია და თუ სხვაგან შეათანხმა… ყველა თავისას იტყვის“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
რაც შეეხება იმას, რა მიზანი ჰქონდა გიორგი გახარიას საგუშაგოს გაკეთებისთვის, გომელაური ამბობს, რომ არ იცის და ეს თავად გახარიამ უნდა თქვას.
ამასთან, კითხვაზე, რა გააკეთა მას შემდეგ, რაც აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო, გომელაური ამბობს, რომ რაც მისი, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის უფლებამოსილება იყო, ის გააკეთა.
„რა გამეკეთებინა უსაფრთხოების სამსახურს, მივსულიყავი და ტრაქტორები მომეტაცებინა? რაც ჩემი უფლებამოსილება იყო, ის გავაკეთე. დეტალებს ვერ მოვყვები. ნახავენ, რაც გავაკეთე. თუ ბრალეულობა მიმიძღვის, მზად ვარ, პასუხი ვაგო. რა უფლებამოსილებაც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს აქვს, ეს გავაკეთე“,- განაცხადა გომელაურმა.
