იკვეთება თუ არა მამუკა ხაზარაძის მხრიდან ამომრჩევლების მოსყიდვის სავარაუდო სქემა – “ხაზარაძეების ფონდი კულტურისთვის” – “ლელოს” ლიდერმა ახალი ორგანიზაცია დააფუძნა. მისი განცხადებით, ფონდის დონორი იქნება ხაზარაძის ოჯახი და თანხა, იმ პროექტების დაფინანსებას მოხმარდება, რომლებიც კულტურისა და ხელოვნების თავისუფლებას მოემსახურება.
“ლელოს” წევრები აცხადებენ, რომ ეს მხოლოდ საქველმოქმედო ინიციატივაა და არაფერი აქვს საერთო საარჩევნო პროცესთან.
“მამუკა ხაზარაძე და მისი ოჯახი, დიდი ხანია, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს ეხმარებიან. არჩევნები მომავალი წლის ბოლოსაა, ეს საქველმოქმედო ინიციატივა ახლა დაანონსდა. ამიტომ, ამას არაფერი აქვს საერთო საარჩევნო პროცესთან. ეს არის ქველმოქმედება, კონკრეტულად – კულტურის სფეროსკენ მიმართული,” – აღნიშნა საბა ბუაძემ.
ხაზარაძის ფონდის შექმნაზე კითხვები აქვს არასამთავრობო სექტორს, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს, სადაც ფიქრობენ, რომ, წინასაარჩევნოდ, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ამომრჩევლის მოსყიდვას.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ფონდის საქმიანობას აუცილებლად დააკვირდებიან.
“არჩევნების დროს მაღალია ასეთი რისკები, რომ მსგავსი ფონდები შეიძლება გამოყენებული იყოს საარჩევნო მიზნებისთვის, თუმცა ამის შეფასება ნაადრევია, ვინაიდან არ განხორციელებულა ჯერჯერობით არცერთი პროექტი და უბრალოდ მოვისმინეთ ჩვენ გეგმები. მნიშვნელოვანია დეტალები, თუ როგორ განხორციელდება პროექტები, რა შინაარსი ექნება, რამდენად იქნება ის საქმიანობა, რომელსაც ფონდი განახორციელებს, დაკავშირებული პარტიასთან. ჩვენ აუცილებლად დავაკვირდებით მის საქმიანობას,” – განაცხადა “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორის მოადგილემ, ლევან ნატროშვილმა “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
რაც შეეხება ოპოზიციას, “გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, იაგო ხვიჩია ხაზარაძეს ბიზნესში დაბრუნებას ურჩევს.
“მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მიბაძვა და მისი გზის გამეორება, ყველა პოლიტიკოსს არ გამოუვა. “ლელომაც” სცადა თავის დროზე “არტ-არეებით” და “საბას” დაჯილდოებებით მსგავსი რაღაცის გაკეთება, მაგრამ არ გამოვიდა წარმატებული ინვესტიცია. როგორც ჩანს, “ლელოს” ლიდერებმა იციან ფულის შოვნა, მაგრამ პოლიტიკაში და ხელოვნებაში ეგეთი მაგრები ვერ არიან. ამიტომ, შეიძლება კადნიერად გამომივიდეს, მაგრამ მე ყოფილ პროფესიაში დაბრუნებას ვურჩევდი ამ ხალხს,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
განსხვავებულია მოსაზრებები “ნაციონალურ მოძრაობაში.” ანა წითლიძის შეფასებით, ცინიკურია, როდესაც “ქართული ოცნება” ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს. მისი აზრით, ნებისმიერი ადამიანის მხრიდან, ქართულ კულტურის დახმარება მხოლოდ მისასალმებელი იქნება.