მომღერლები, ლუკა და გიორგი ჭოხონელიძეები ავრცელებენ ერთობლივ განცხადებას, სადაც განმარტავენ 12 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი შემთხვევის დეტალებს.
საქმე ეხება თსუ-ს თვითმმართველობის მიერ დაგეგმილ კონცერტს, რომელშიც ძმები ჭოხონელიძეები, ასევე მომღერალი ზუკა ხუციშვილი მონაწილეობდა. კონცერტის პარალელურად, თსუ-ს 1-ელი კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია 21 წლის მათე დევიძის 4,5 წლით დაპატიმრებასთან დაკავშირებით.
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთი სტუდენტი სცენაზე ავიდა და მომღერლებს სთხოვა, სოლიდარობა გამოეცხადებინა მათე დევიძისთვის. ვიდეოში ჩანს, რომ სტუდენტი სცენიდან ჩაჰყავთ, კონცერტი კი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. პარალელურად ისმის შეძახილები – “სირცხვილია”. სტუდენტები ჰყვებიან, რომ ისინი რამდენიმე წუთის განმავლობაში სცენასთან იდგნენ ბანერებით – “თავისუფლება სინდისის პატიმრებს”. თუმცა, რადგან კონცერტის ორგანიზატორების, მონაწილეებისა და დამსწრეების ყურადღება ვერ მიიქციეს, დატოვეს ტერიტორია და შეუერთდნენ საპროტესტო აქციას, რომელიც სცენიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მიმდინარეობდა.
“ნეტგაზეთი” ძმები ჭოხონელიძეების განცხადებას სრულად გთავაზობთ:
“ზოგადად აქტიურობით, პოსტებით და მოწოდებებით არ გამოვირჩევით, თუმცა გუშინდელ ამბავს უპასუხოდ არ დავტოვებთ. პრიველ რიგში ყველას ბიჭებს, ვინც არიან დღეს პატიმარობაში ჩვენი სოლიდარობა და თანადგომა, ეს ესე იყო ყოველთვის და ესეა დღესაც! მეორე, ჩვენ ქართული- ტრადიციული ღირებულებებით გავიზარდეთ და ჩვენი ნატალიასთვის და დღეს უკვე უფრო დიდი ოჯახისთვის ვარსებობთ რაც თავი გვახსოვს. ასევე, სოც.ქსელებში და მსგავს პლატფორმებზე პოლიტიკურ ამბებში გარევას ყოველთვის ვერიდებოდით, რადგან საქართველოში შეუძლებელია რაიმე აზრი გქონდეს და რომელიმე მხარეს არ მიგაკუთვნონ, თუმცა ქმედებით ყოველთვის ვაფიქსირებდით ჩვენს გულიდან წამოსულ სიტყვას აქციაზე გასვლით, კონცერტების გაუქმებით თუ ზოგადად ჩვენი აზრის დაფიქსირებით საზოგადოებაში. ადრეც ჩაგვიტარებია კონცერტი არაერთ უნივერსიტეტში და მათ შორის თსუშიც. რაც შეხეება გუშინდელ დღეს ერთ-ერთი რიგითი კონცერტი დაიგეგმა სტუდენტებისთვის. სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირდებით და დღევანდელი გადმოსახედიდან როგორც ვვარაუდობთ, იქ მყოფმა ადმიანებმაც არ იცოდნენ აღნიშნული სიტუაციის შესახებ რადგან კონცერტის განმავლობაში მსგავსი არაფერი იგრძნობოდა. თსუს თვითმართველობასთან ჩვენი ურთიერთიბა დასრულებულია და თსუში ეს ჩვენი ბოლო ღონისძიებაა, ვფიქრობთ ყველასთვის გასაგებია რატომაც. კონცერტის ბოლოსკენ იყო ის ამბავი ბიჭი რომ ამოხტა და ვერავინ ჩვენით დაწყებული ბენდით დამთავრებული ვერ გაიგო რა უნდოდა, არაფერი ისმოდა და ამიტომ გავაცილეთ სცენიდან. მიკროფონი კიდევ ჩვენს კონცერტზე ყველასია და ვინც ყოფილა იცის რომ მიკროფონი სულ ჩამოტარებითაა ხოლმე, თუმცა შესაბამისი ფორმაა საჭირო. ერთი რაღაცაც ვერ გავიგეთ, სცენასთან ვიდექით 2 საათი კონცერტის დაწყებამდე, თუ სიკეთით მოსული ადამიანი იყო მანამდე მოსულიყო კაცურად და ეთქვა ბიჭებო აქციაა რა დროს კონცერტიაო და გავუგებდით, ათასჯერ გაგვიუქმებია მსგავსად კონცერტი, მაგრამ ალბათ რეიტინგი არ დაიწერებოდა, საწყენია. “სირცხვილიას” გოგოებს რაც შეეხებათ, თუ იცოდით რაც ხდებოდა და კონცერტზე მოხვედით ეგ უფრო დიდი სირცხვილია ჩემო კარგებო. ჩვენს პატარა და დიდგულა საქართველოს დიდება,მშვიდობა და ერთიანობა, რაც ყველაზე მეტად გვაკლია! ჩვენს საყვარელ ქართველებს კი ერთს ვურჩევთ, კაცი წაბორძიკებული არაა ჩაწიხვლას რომ იწყებთ, ერთის საშველად მეორეს წიხლავთ. არამგონია კარგი მიდგომა იყოს ან რომელიმე გაგებით გამართლებული! და ბოლოს, ჩვენს სუფთა და სიყვარულით სავსე ოჯახს გაუმარჯოს, სანამ ერთად ვართ ყველაფერი მაგრად იქნება და ყველაფერი გაივლის!!”, – ვკითხულობთ პოსტში, რომელიც ლუკა ჭოხონელიძემ მისი და მისი ძმის, გიორგის სახელით გაავრცელა.




