შიდა ქართლის სამხარეო პოლიციაში თამაზ გინტურის ძმა გამომძიებლების კითხვებს პასუხობს.
“ჯერ არ ვიცი გამომძიებელი რას მეტყვის, რა იციან, მაგრამ მე რაც ვიცი მკვლელმა, დევიდოვმა გვარი და სახელი შეიცვალა. ოჯახი ვითხოვთ, გადმოცემას და დასჯას. ხელისუფლება რას იძახის და რა არ იძახის არ ვიცი და არ მაინტერესებს, ვიცი, რომ ჩემ ძმას ჩასაფრება მოუწყვეს, დაცხრილეს და მოვითხოვ ჩემი ძმის მკვლელების დასჯას,” ამბობს მედიასთან ნიკოლოზ გინტური
გინტურის ოჯახმა შემთხვევიდან მალევე სავარაუდო მკვლელების ვინაობა დაასახელა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, როგორ აპირებენ დამნაშავეების დასჯას.
თამაზ გინტურის ოჯახს დაზარალებულის სტატუსი 13 ნოემბერს მიენიჭა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.