ელექტროენერგიისა და წყლის გადასახადი | სემეკმა ტარიფები დაადგინა

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების კომპანიებისათვის ტარიფების დადგენაზე იმსჯელა.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ელექტროენერგიის ტარიფები 3 თეთრით შემცირდა. შემცირებული ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის პირველი იანვრიდან და იმოქმედებს 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
რაც შეეხება წყალს – კომისიის გადაწყვეტილებით, უცვლელი დარჩა საყოფაცხოვრებო ტარიფები როგორც უმრიცხველო (სულადობრივი გადასახადი), ასევე გამრიცხველიანებული აბონენტებისათვის.
გაიზარდა “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისთვის” წყალმომარაგების არასაყოფაცხოვრებო ტარიფები: თბილისსა და მცხეთაში ახალი არასაყოფაცხოვრებო ტარიფი განისაზღვრა 8.807 ლარი/კუბ.მ-ით, ხოლო რუსთავში – 6.500 ლარი/ კუბ.მ-ით. თბილისსა და მცხეთაში ტარიფმა 2 ლარითა და 30 თეთრით მოიმატა, რუსთავში – 2 ლარითა და 80 თეთრით.
წყალმომარაგების კომპანიისთვის დადგენილი ტარიფები ძალაში იქნება 2024 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
“წყალმომარაგების ტარიფების ცვლილება განპირობებულია ქ. თბილისში, ქ. მცხეთასა და ქ. რუსთავში წყალმომარაგების ამორტიზებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და ჩანაცვლების აუცილებლობით”, – აცხადებს სემეკი.
GWP-ს გენერალურმა დირექტორმა თქვა, რომ სემეკმა ტარიფში ასახა მათ მიერ წარდგენილი ინვესტიცია, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს განაახლონ მოძველებული ინფრასტრუქტურა, შეამცირონ წყალმომარაგების შეზღუდვების სიხშირე, დრო და არეალი.