უნგრეთში ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, უნგრელი სამთავრობო პროპაგანდისტი გეორგ შპოტლი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთანაა (გრუ) დაკავშირებული.
გამოცემა Telex-ისა და პროექტ Direkt36-ს მიერ ჩატარებულმა ჟურნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ გეორგ შპოტლი, რომელიც ცნობილია თავისი ანტიუკრაინული რიტორიკით, მუდმივ კონტაქტს ინარჩუნებდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის სააგენტოსთან.
გეორგ შპოტლი უნგრეთისა და გერმანიის ორმაგი მოქალაქეა. უნგრეთში მისი ცნობადობა 2015 წლის მიგრაციული კრიზისის დროს გაიზარდა. ის რეგულარულად ჩნდებოდა ტელევიზიებში და მთავრობის მომხრე მედიასაშუალებებში სტატიებს აქვეყნებდა, რომლებიც ხელისუფლების ნარატივს უჭერდნენ მხარს.
მოგვიანებით, ამავე მედიებში ის რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ „უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტად“ იქცა და 2022 წლის შემოდგომაზე მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მიმართ მხარდაჭერა ღიად გამოხატა. ახლა ის კრემლის პროპაგანდისტულ ნარატივებსა და დეზინფორმაციას უნგრეთის პროსამთავრობო მედიებში ავრცელებს.
გარდა ამისა, ის პოპულარობით სარგებლობს რუსეთშიც და ხშირად ჩნდება რუსეთის პროპაგანდისტულ მედიაში, როგორც უცხოელი (უნგრელი) ექსპერტი, რომელიც კრემლის პოზიციას უჭერს მხარს. მაგალითად, მან გააანალიზა ტაკერ კარლსონის ინტერვიუ ვლადიმერ პუტინთან „რია ნოვოსტისთვის“.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გეორგ შპოტლისა და რუსეთის სამხედრო დაზვერვის კავშირები უნგრეთის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის შემოწმების შედეგად 2024 წლის მეორე ნახევარში გამოვლინდა, მაშინ, როცა მან თავისი პროტეჟის დახმარება სცადა, რომელსაც დიპლომატობა სურდა.
მისი პროტეჟის კანდიდატურის შემოწმებისას, უნგრეთის უსაფრთხოების სამსახურმა აღმოაჩინა, რომ ამ პირს მჭიდრო კავშირები ჰქონდა შპოტლისთან, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებული იყო რუსეთის სადაზვერვო სამსახურთან.
ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, კრემლთან შპოტლის მთავარი დამაკავშირებელი პირი ოლეგ სმირნოვია, რომელიც ბუდაპეშტში რუსეთის საელჩოს ყოფილი სამხედრო ატაშე და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ) ოფიცერი იყო.
ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, გეორგ შპოტლი კრემლის მესიჯებს იმეორებდა, რასაც მოწმობს დოკუმენტები, რომლებიც გამომძიებელ ჟურნალისტს ხელში ჩაუვარდა. საუბარია ოლეგ სმირნოვის მიერ გაგზავნილ ორ არაოფიციალური დოკუმენტზე, ერთში საუბარი იყო დასავლეთის ჩართულობაზე უკრაინის კონფლიქტში, მეორეში კი – უკრაინის შიდა ვითარებაზე.
როგორც ჟურნალისტურ გამოძიებაშია აღნიშნული, ამ დოკუმენტებისა და შპოტლის საჯარო განცხადებების შედარებისას გასაოცარი მსგავსება გამოვლინდა. ანუ შპოტლი ერთი-ერთში იმეორებდა იმ ნარატივებს, რომელიც სმირნოვის დოკუმენტში ნახეს.
ამის მაგალითად ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილია შპოტლის განცხადებები, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინას ავტონომია არ აქვს, პრეზიდენტი ზელენსკი დასავლეთის მარიონეტია და დასავლეთის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის ტანჯვას მხოლოდ ახანგრძლივებს.
რუსეთის დაზვერვასთან შპოტლის კავშირების კიდევ ერთ მტკიცებულებად ჟურნალისტურ გამოძიებაში მოყვანილია 2023 წელს ჩეჩნეთში მისი ვიზიტი, რა დროსაც ის პუტინის სახელობის სპეციალური დანიშნულების უნივერსიტეტს ეწვია. უნგრეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრების თქმით, იმის გამო, რომ შპოტლს ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნების მოქალაქეობა აქვს, ის ჩეჩნეთში მოგზაურობას რუსეთის სამხედრო დაზვერვის თანხმობის გარეშე ვერ შეძლებდა.
როგორც უნგრული გამოცემები წერენ, მიუხედავად იმისა, რომ გეორგ შპოტლისა და რუსეთის დაზვერვას შორის კავშირები გამოვლინდა, უნგრეთში მისი კარიერა უცვლელი რჩება. უნგრული მედიის ცნობით, უნგრეთის მთავრობას ამის გამო შეშფოთებაც არ გამოუთქვამს, ხოლო საგარეო საქმეთა მინისტრმა სიიარტომ განაცხადა, რომ ის რეგულარულად უსმენს შპოტლს გეოპოლიტიკური ცოდნის გასაღრმავებლად.
