საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას შემოსული თანხის ოდენობის და დაფინანსებული პროექტების თაობაზე – მე ვფიქრობ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც მის მოადგილეს და პოლიტიკური გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს ამ მოთხოვნის შესრულებაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ბრიტანეთის საელჩოსთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, დასავლური სახელმწიფოების ამ მოთხოვნის შესრულების და გამჭვირვალეობის შემთხვევაში, დღის წესრიგიდან ყველანაირ კითხვის ნიშანს მოხსნიან.
„მე ვფიქრობ, არც პარლამენტის თავმჯდომარეს, არც მის მოადგილეს და პოლიტიკური გუნდის ნებისმიერ წარმომადგენელს ამ მოთხოვნის შესრულებაზე პრობლემა არ უნდა ჰქონდეს. საელჩო იქნება თუ ნებისმიერი დამფინანსებელი, უნდა აქვეყნებდეს ინფორმაციას შემოსული თანხის ოდენობის და დაფინანსებული პროექტების თაობაზე. თითქოს ელემენტარულია, მაგრამ დაუკვირდით, რამხელა რესურსი გროვდება ექსტრემიზმის განვითარების სცენარის დასაფინანსებლად. ეს ყველაფერი ხომ ვიხილეთ? დღის წესრიგიდან ნებისმიერი შეკითხვა, ნებისმიერი პრობლემა მოიხსნება გამჭვირვალეობის შემთხვევაში. დემოკრატიული სახელმწიფო, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი ფონდი, რასაკვირველია, ყველანაირ პრობლემას მოხსნის დღის წესრიგიდან იმ ელემენტარული მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში, რასაც ჰქვია გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა. თუკი, ეს ასე არ ხდება, რასაკვირველია, ლეგიტიმური შეკითხვა ჩნდება, ხომ არ შემოდის თანხები პოლიტიკურ ველზე, თან ისეთი თანხები, რომელსაც განაგებენ პოლიტიკური პარტიები, ან დონაციის მიმღები ორგანიზაციები, თუნდაც ტელევიზიები,“ – განაცხადა ვოლსკიმ.
ცნობისთვის, შალვა პაპუაშვილმა მიმართა ბრიტანეთის საელჩოს, „გაასაჯაროოს, ვის და რა თანხით აფინანსებდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით და ვის და რა თანხით აფინანსებს დღეს“.
პარლამენტის თავმჯდომარე, ასევე მიმართავს ყველა პირს, ვისაც, შესაძლოა, ჰქონდეს რაიმე ინფორმაცია ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებებთან დაკავშირებით.
მანამდე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩომ განაცხადა, რომ უწევთ დაგეგმილი საგრანტო წინადადებების გაუქმება, რომლებიც მუნიციპალური არჩევნების გამჭვირვალობისა და კონკურენტუნარიანობის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. როგორც დიპლომატიური წარმომადგენლობა განმარტავს, მათ საქართველოს ხელისუფლებასთან განხილვის შემდეგ აცნობეს, რომ მთავრობის დადგენილება „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ ჯერ დასრულებული არ არის და შესაბამისად, ამ დრომდე არ არსებობს „გრანტების დამტკიცების პროცედურის შესახებ“ გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმები ან ვადები.
