ირანი ადასტურებს ისრაელის დარტყმის შედეგად ურანის გამამდიდრებელი ობიექტის დაზიანებას

ირანის ატომური ენერგიის სააგენტომ განაცხადა, რომ ს ავიადარტყმების შედეგად ნათანზში დაზიანდა ურანის გამამდიდრებელი ობიექტი. ისპაჰანის პროვინციაში მდებარე ეს საწარმო ირანში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ობიექტია.
ისრაელის არმიის განცხადებით, ნათანზის ობიექტს, სადაც ირანი წლებია მუშაობს ბირთვული იარაღის შესაქმნელად, მიწისქვეშა ნაწილი გაუნადგურეს. ისრაელის არმიის თანახმად, სწორედ იქ ხდებოდა ურანის გამდიდრება.
ირანმა ნათანზის ობიექტის დაზიანება დაუდასტურა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს. მისი დირექტორის, რაფაელ გროსის თანახმად, ირანული მხარისგან მიღებული ინფორმაციით, რადიაციის დონე არ გაზრდილა.
ირანის მიერ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთვის მიწოდებული ცნობებით, არ დაზიანებულა ფორდოუს ურანის გამამდიდრებელი ქარხანა, რომელიც თეირანიდან 150 კილომეტრში მდებარეობს და ისპაჰანში არსებული კიდევ ერთი ბირთვული ობიექტი.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმები არ შეხებია ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს.
დღეს, 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
ირანის ხელისუფლებასთან კავშირის მქონე სააგენტო Tasnim-ის ცნობით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპა ბირთვული პროგრამის შემუშავებაში ჩართული 6 მეცნიერი.
ირანის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დაადასტურა, რომ ისრაელის ავიადარტყმების შედეგად დაიღუპნენ გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი სალამი და საჰაერო თავდაცვის ჯარების შტაბის ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი რაშიდი.
ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით და შურისძიებით დაემუქრნენ.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც დააკისრა მიუხედავად ვაშინგტონის განცხადებისა, რომ ირანზე ისრაელის დარტყმაში არ მონაწილეობდა.
ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე ისრაელის არმიის შეტევის შემდეგ -ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეკომპანია Fox News-ს განუცხადა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს და იმედი აქვთ, რომ მოლაპარაკებებს დაუბრუნდებიან. ტრამპის თანახმად, აშშ ისრაელისგან წინასწარ იყო ინფორმირებული ირანზე დარტყმის გეგმის შესახებ, მაგრამ მასში არ მონაწილეობდა.
ამერიკული მედიასაშუალებების ინფორმაციით, ირანის ბირთვულ პროგრამაზე ვაშინგტონის და თეირანის მოლაპარაკებების მორიგი, აპრილის შემდეგ მეექვსე რაუნდი ამ კვირის ბოლოს ომანში უნდა გამართულიყო. ომანის ხელისუფლებამ, რომელიც შუამავლის მისიას ასრულებს, ირანზე ისრაელის შეტევა დაგმო და უწოდა საშიში ესკალაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონის სტაბილურობას და უსაფრთხოებას.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ 13 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელის დარტყმის შემდეგ თეირანის დელეგაციამ უარი თქვა შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკების გაგრძელებაზე.
ფორუმი