თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციების გამო დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილია. მათე დევიძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გამო, დაცვის მხარემ ნინო გალუსტაშვილის აცილების შუამდგომლობა დააყენა. გუშინ, ნინო გალუსტაშვილმა მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
„თქვენს მიერ გუშინ მიღებული განაჩენი, არის ის ობიექტური , ახალი გარემოება, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენ პოლიტიკურად მოტივირებული, უკანონო განაჩენი მიიღეთ 21 წლის მათე დევიძის მიმართ. 4 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვით ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა და იბრძვის საქართველოს თავისუფლებისთვის. თქვენ, ბატონო მოსამართლე, ამ განაჩენით პოლიტიკური მართლმსაჯულების ინსტრუმენტი გახდით.
თქვენ პირდაპირ მონაწილე გახდით ადამიანების უსაფუძვლო დასჯის. ჩვენთვის, თქვენი მოქმედებები გახდა განჭვრეტადი და თქვენი განაჩენით, დაცვის მხარეს აფიქრებინებს, რომ მომავალში, არ იქნებით ობიექტური და ყველაფერს პოლიტიკურ კონტექსტში შეაფასებთ. ეს ხალხი სინდისის პატიმრები არიან, დაკავებულები მტკიცებულებების გარეშე.
თქვენი გუშინდელი გადაწყვეტილებით სასამართლოს ნდობა ნულამდე ჩამოვიდა. როგორ შეიძლება მე ვენდო სასამართლოს, რომელსაც შეუძლია ასეთი მკაცრი სასჯელი გამოიყენოს 21 წლის ახალგაზრდის მიმართ.
შესაბამისად, ვაყენებთ თქვენს აცილებას, რადგან არ არსებობს თქვენდამი ნდობა, რომ მიიღებთ ობიექტურ და სამართლიან გადაწყვეტილებას“, – მიმართა ადვოკატმა, ბექა ხახობაშვილმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა აცილებაზე არ დააკმაყოფილა. მისი თქმით, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი შუამდგომლობა უსაფუძვლოა.