ირანზე ისრაელის შეტევაში, რომელიც დღეს, 13 ივნისს გამთენიისას განხორციელდა, ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თადარიგის გენერალმა ეფი დეფრინმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის გამანადგურებლებმა ირანის ტერიტორიაზე 330-ზე მეტი საბრძოლო მასალით დაარტყეს 100-ზე მეტ სამიზნეს – სამხედრო და ბირთვული პროგრამის ობიექტებს.
დეფრინის თანახმად, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამად ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი და კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩონოსანი.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ისრაელის ავიადარტყმების შედეგად თეირანში დაიჭრა სულ მცირე 50 ადამიანი, მათ შორის 35 ქალი და ბავშვი. ადგილობრივი მედიის თანახმად, შეტევა განხორციელდა თეირანის და სხვა ქალაქების საცხოვრებელ რაიონებზეც.
დღეს, 13 ივნისს გამთენიისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს „ბირთვული პროგრამის გულს“ – ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ნეთანიაჰუს თანახმად, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება გასანეიტრალებლად ირანისგან მომდნარე საფრთხის, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას „პრევენციული“ უწოდა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა რაფაელ გროსიმ დაადასტურა, რომ ისრაელის სამიზნეებს შორის იყო ნათანზში მდებარე ურანის გამდიდრების ობიექტი. სააგენტოს ინფორმაციით, დარტყმა არ შეხებია ბუშერის ატომურ ელექტროსადგურს.
გამოცემა The Times of Israel-ის ცნობით, ისრაელის თავდაცვის არმია ირწმუნება, რომ ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, ამიტომ ისრაელს ამ საფრთხის წინააღმდეგ ზომების მიღება დასჭირდა.
ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და შეიარაღებული ძალების სარდლობა ისრაელს მკაცრი პასუხით დაემუქრნენ.
დილით ისრაელის არმიის წარმომადგენელმა ეფი დეფრინმა განაცხადა, რომ ირანმა ისრაელის ტერიტორიისკენ გაუშვა 100-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი, რომელთა მოსაგერიებლად ისრაელის საჰაერო თავდაცვის მთელი სისტემა ამოქმედდა.
ფორუმი
