დეკანოზს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერდა, თუმცა არა EU-ის დროშის დაწვის გამო — საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აცხადებს, რომ დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა საეკლესიო სასჯელი მიიღო სასულიერო პირების შეურაცხყოფისთვის და არა ევროკავშირის დროშის დაწვისთვის.
„ვრცელდება არასწორი ინფორმაცია დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის შესახებ, თითქოს მან საეკლესიო სასჯელი დროშის დაწვის გამო მიიღო. სინამდვილეში მის მიერ გავრცელებულ ერთ-ერთ მიმართვაში იყო სასულიერო პირთა შეურაცხმყოფელი გამონათქვამები, რაც არის კანონიკური დარღვევა“, — აცხადებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური და აქვეყნებს სინოდალური კომისიის დასკვნას.
დასკვნის თანახმად:
„კომისიამ განიხილა, ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის მიერ მასმედიის საშუალებებით ბოლო დროს სასულიერო პირთა მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადება. კომისიამ მიიჩნია, რომ დეკანოზს დისციპლინური და ეთიკური დარღვევებისთვის, რისთვისაც არა ერთგზის იქნა გაფრთხილებული წარსულშიც, მოციქულთა 55, 56 და კართაგენის 79 კანონების საფუძველზე შეუჩერდეს ყოველგვარი მღვდელმოქმედების უფლება“.
კომისიის წევრები (საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე , პატრიარქის ქორეპისკოპოსი თეოდორე ჭუაძე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია გვაზავა და დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი) აღნიშნული რეკომენდაციით მიმართავენ ტყიბულისა და თერჯოლის მმართველ მღვდელმთავარს, მიტროპოლიტ გიორგი შალამბერიძეს.
საპატრიარქო ასევე აქვეყნებს ვიდეოს, სადაც დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის სასულიერო პირების ნაწილს აკრიტიკებს და ამბობს, სასულიერო პირების სამშობლოსთვის და ზნეობისთვის ბრძოლაში მოქალაქეებს გვერდში არ დაუდგებიან.
„როდესაც ეროვნული მოძრაობა დამთავრდა, ადამიანები, რომლებიც მაშინ წავიდნენ ეკლესიაში, ძალიან ბევრი იყო, ვინც ქრისტესთან მიდიოდა. და მერე წასული სასულიერო პირები განსაკუთრებით, ქრისტესთან ბევრი არ მისულა. მე სასულიერო პირებს ვყოფ ორ ნაწილად: რომლებიც ცხოვრობენ ეკლესიისთვის, და მეორე ნაწილი, რომელიც ეკლესიას იყენებენ თავისთვის. არანაირი სასულიერო პირები თქვენს გვერდზე ვინც ზნეობისთვის იბრძვით, სასულიერო პირები გვერდში არ დაგიდგებიან და გაიღვიძეთ. ყველაზე დიდი საკვირაო სახარებას განმარტავენ… სასულიერო პირთა გულებში ქრისტე არ ანთია“, — ამბობს სპირიდონ ცქიფურიშვილი.
საეკლესიო სასჯელთან დაკავშირებით სპირიდონ ცქიფურიშვილი გამოხატავს „სრულ მორჩილებასა და პატივისცემას“ და ამბობს, რომ მოთმინებით ელოდება შემდეგი სხდომის მოწვევას.
„მინდა მივმართო საზოგადოებას, უმორჩილესად გთხოვთ გამოიჩინოთ კეთილგონიერება და არანაირი ფრაზებითა და ქმედებით არ გამოხატოთ რამე სახის უკმაყოფილება კომისიისა და მითუმეტეს საპატრიარქოს მიმართ, რადგან ეს შედის საქართველოსა და დედა ეკლესიის მტრების ინტერესებში. გახსოვდეთ, იმარჯვებს ის, ვინც ცხელ ემოციებს მართავს ცივი გონებით“, — წერს ის სოციალურ ქსელში.
მანამდე სპირიდონ ცქიფურიშვილი შეუერთდა „ალტ ინფოს“ აქციას და ევროკავშირის დროშა დაწვა. ამ გზით მან სოლიდარობა გამოუცხადა „ალტ ინფოს“ წევრ ლაშა შარუხიას, რომელმაც მცხეთის მცხეთის ადმინისტრაციულ შენობაზე აღმართული ევროკავშირის დროშა დაწვა და სხვისი ნივთის დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
სპირიდონ ცქიფურიშვილი აქტიურად მონაწილეობს „ალტ ინფოს“ აქტივობებში. 2021 წლის 5 ივლისს „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ გამართულ ძალადობრივ აქციაზე მან მოქალაქეებს „ღვთისა და სამშობლოსთვის” ძალადობისკენ ღიად მოუწოდა, თუმცა ბრალი არ წარუდგენიათ.
ამ თემაზე:
რატომ ეპატიება დეკანოზს ის, რასაც არ პატიობენ სხვას

ასევე დაგაინტერესებთ