„პუტინის ოცნება და საქართველოს კოშმარი“ — ასე აფასებს ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა (EPP, პოლონეთი) „ქართული ოცნების“ პოლიტიკას.
„დემოკრატიის განადგურება ოცნება არ არის“, — განაცხადა ბრეიზამ დღეს საქართველოს უნივერსიტეტის უსაფრთხოების, პოლიტიკისა და ნაციონალიზმის კვლევითი ცენტრის (UGSPN) ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროპა არის…? ხანგრძლივი სიცოცხლე ახალ ევროპას!“
ბრეიზამ თქვა, რომ საქართველოს ევროპული გზა გუშინ არ დაწყებულა, გაიხსენა საბჭოთა ოკუპაცია, 1989 წლის 9 აპრილი, დამოუკიდებლობის გამოცხადება და 2008 წლის ომი.
„პოსტსაბჭოთა დიქტატორებს შეუძლიათ არჩევნების შეზღუდვა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, მაგრამ ვერასდროს შეძლებენ ქართველი ერის სულისკვეთების შეზღუდვას. ბოლოსდაბოლოს, თქვენ გაქვთ კონსტიტუცია, რომლის 78-ე მუხლი ამბობს, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ეს არ არის არჩევანი — საქართველოს უმაღლესი კანონია. ამის ღალატი ნიშნავს საქართველოს ღალატს. რასაც ახლა ვხედავთ, არის სახელმწიფოს მიტაცება. ეს პოსტსაბჭოთა სისტემა შექმნილია ერთი ადამიანის — ოლიგარქ ივანიშვილის მომსახურედ. მისი გავლენა წამლავს თქვენს დემოკრატიას; წამლავს თქვენს თავისუფლებას. ინსტიტუტებს, თქვენს სახელმწიფოს. მოდით, ვიყოთ გულახდილები. ეს ევროპა არ არის. ეს რუსეთია“, — განაცხადა ბრეიზამ.
მისი თქმით, ევროპას სჭირდება თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული საქართველო და ვალდებულია, დაიცვას ამ ქვეყნის მომავალი.
„უნდა ვიყოთ უფრო ძლიერები. ჩვენი მიზანდასახულება უნდა მივმართოთ ამ ევროპის ნაწილისკენაც. გასაგებია, რომ უკრაინაში ომია, მაინც უნდა ვიყოთ ფოკუსირებულები საქართველოზეც. ჩემი აზრით, სანქციები საუკეთესო გზაა — ძალიან ძლიერი ეკონომიკური სანქციები. და მე ვიცი, რომ ზოგიერთი მთავრობა აწესებს სანქციებს „ქართული ოცნების“ ლიდერების მიმართ. მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება ასევე თქვენს დიქტატორ ივანიშვილზე, მის ოჯახსა და ოლიგარქიულ ქსელზე. ვსაუბრობ სანქციების დაწესებაზე არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, არამედ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოსა და მთავრობის მხრიდან“, — უთხრა „ნეტგაზეთს“ ბრეიზამ.
კშიშტოფ ბრეიზა არის დონალდ ტუსკის თანაპარტიელი. პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ მისი მთავრობა ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობს, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირონ.
