„ოცნებას“ არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირი არ მოუწვევია

„ქართულ ოცნებას“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დასაკვირვებლად ეუთო/ოდირსთვის მოწვევა არ გაუგზავნია.
ამის შესახებ ეუთო/ოდირიდან ნეტგაზეთს დღეს, 12 ივნისს, გამოგზავნილი წერილით აცნობეს.
ეუთო/ოდირი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით არჩევნებს აკვირდება.
„ჯერჯერობით ჩვენ არ მიგვიღია მოწვევა საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად.
იდეალურ შემთხვევაში, ოდირი დაკვირვებისთვის მოწვევას არჩევნების დღემდე 4-6 თვით ადრე იღებს.
დროული მოწვევა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რათა განვახორციელოთ არჩევნებზე დაკვირვებისთვის საჭირო აქტივობების სრული სპექტრი ჩვენი კარგად ჩამოყალიბებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, რომელიც გრძელვადიან, მიუკერძოებელ, ყოვლისმომცველ და პროფესიონალურ დაკვირვებას ეფუძნება“, – განუცხადეს ნეტგაზეთს ეუთო/ოდირში.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 4 ოქტომბერს გაიმართება. შესაბამისად, არჩევნებამდე უკვე 4 თვეზე ნაკლებია დარჩენილი.
ის იდეალური ვადა, რაც „ქართულ ოცნებას“ ეუთო/ოდირის მოწვევის გასაგზავნად უნდა დაეცვა, უკვე გავიდა.
ამ ეტაპზე უცნობია, საერთოდ აპირებს თუ არა ამ ვადის გასვლის მიუხედავად, „ქართული ოცნება“ ეუთო/ოდირისთვის მოწვევის გაგზავნას.
ეუთო/ოდირისთვის მოწვევის გაგზავნა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევალება. ნეტგაზეთი მეორე დღეა ცდილობს უწყებასთან გაარკვიოს, აპირებენ თუ არა ისინი ეუთო/ოდირის მოწვევას, თუმცა მათგან პასუხი ჯერჯერობით არ მიგვიღია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულმა ერთ-ერთმა გვერდმა ფეისბუკზე („არ აგარევინებთ“) გუშინ, 11 ივნისს თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ეუთო/ოდირს „პროცესის რევოლუციურ ვექტორში გადაყვანაში“ ადანაშაულებს და ამბობენ, რომ მთავრობამ მათთან სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს.
„საქართველოს მთავრობა ჯერ არ იწვევს სადამკვირვებლო კომისიას არა იმიტომ, რომ რამე აქვს დასამალი, არამედ იმიტომ, რომ ის პასუხისმგებლობით ეკიდება სახელმწიფოს სტაბილურობას. თუ ეუთო-ოდირი კვლავ გეგმავს პოლიტიკური პროცესის რევოლუციურ ვექტორში გადაყვანას, მაშინ საჭიროა სიფრთხილე და პრინციპული პოზიცია!
ჩვენ უკვე ვნახეთ, როგორ მუშაობენ ეგრეთ წოდებული დამკვირვებლები — ვერ მოიტანეს ვერც ერთი რეალური ფაქტი დარღვევებზე, მაგრამ მაინც არ ცნეს ლეგიტიმური შედეგები! ასეთ “დამკვირვებლობას” საქართველო აღარ შეუშვებს ბრმად და უგონოდ!“, – ნათქვამია გვერდის განცხადებაში.