EU-ის წევრთა უმრავლესობა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წინააღმდეგია — ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა არ ემხრობა საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
ჰერჩინსკის თქმით, წევრ სახელმწიფოებს შორის მრავალი თვეა, მიმდინარეობს დისკუსიები იმის შესახებ, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით და პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება უბრალოდ „კიდევ ერთი მოსაზრებაა“.
„ბოლო რამდენიმე წელია, საქართველო სარგებლობს პრივილეგირებული ურთიერთობით ევროპის კავშირთან. მაგრამ ბოლო პერიოდში, თითქმის ერთი წელია, სამწუხაროდ, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობები კარგად არ ვითარდება. მე გულწრფელად ვეუბნები ქართველ ხალხს, რომ ახლა ეს ურთიერთობა დაბალ ნიშნულზეა და უკვე რამდენიმე თვეა, ვფიქრობთ, როგორც ევროკავშირმა, როგორ უნდა ვუპასუხოთ იმ ქმედებებს, გადაწყვეტილებებსა და კანონმდებლობას, რასაც საქართველოს ხელისუფლება იღებს და რაც ქვეყანას აშორებს ევროკავშირისგან. კითხვაც სწორედ ეს არის — ამ გამორჩეულ ურთიერთობას, რომლითაც საქართველო დღემდე სარგებლობდა, გააჩნია თუ არა კვლავ საფუძველი?“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მისი თქმით, ამ ეტაპზე უვიზო რეჟიმი არ უქმდება.
„მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამის წინააღმდეგია ძალიან მარტივი მიზეზის გამო — ჩვენ არ გვინდა, ჩვეულებრივმა ადამიანებმა გადაიხადონ ფასი იმ გადაწყვეტილებებისთვის, ქმედებებისთვის და კანონმდებლობისთვის, რომელიც მიღებულია საქართველოს ხელისუფლების მიერ. ამიტომ ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ მხოლოდ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა“, — განაცხადა ჰერჩინსკიმ, თუმცა დასძინა, რომ დისკუსია გრძელდება და საბოლოოდ ეს იქნება წევრი ქვეყნების ერთობლივი გადაწყვეტილება.
„ამ ეტაპზე გარწმუნებთ, რომ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში“, — დასძინა ჰერჩინსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა