საკრებულოს კომისიამ მხარი დაუჭირა გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობას

თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიამ გმირთა მოედნის მიმდებარედ, აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე, განაშენიანების რეგულირების გეგმა (გრგ) დაამტკიცა. ეს ნიშნავს, რომ კომისია მხარს უჭერს ამ ადგილზე ორი ცათამბჯენის მშენებლობას. საბოლოოდ, საკითხს საკრებულოს სხდომაზე უყრიან კენჭს. სხდომა დღეს, 28 დეკემბერს, 14:00 საათზე დაიწყება.
განაშენიანების რეგულირების გეგმა საკრებულოში პროექტის დამტკიცების ბოლო და მთავარი ეტაპია. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, საკითხი მშენებლობაზე ნებართვის მისაღებად თბილისის მერიაში ბრუნდება. მერია ნებართვას საკრებულოს გადაწყვეტილების მიხედვით იღებს.
პროექტის თანახმად, თბილისის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ყოველდღიურად ათასობით ავტომანქანა გადაადგილდება და მუდმივად საცობია, ორი ცათამბჯენი აშენდება. 52 და 40-სართულიან შენობებში 1000-1000 საცხოვრებელი ბინა და კომერციული ფართი იქნება, ჯამში, პროექტი 155 599 კვადრატულ მეტრს მოიცავს.
ურბანული განვითარების კომისიაზე მსჯელობა კამათში გადაიზარდა. სხდომას დეპუტატების გარდა, სპეციალისტებიც ესწრებოდნენ. ისინი გმირთა მოედანზე მსგავსი მოცულობის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ყურადღებას რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებენ.
· ტერიტორია მდებარეობს ისტორიული განაშენიანების რეგულირების ზონაში. კულტურული მემკვიდრეობის კანონის მიხედვით, ამ ზონაში მსგავსი მასშტაბისა და მოცულობის მშენებლობა დაუშვებელია;
· სიმაღლისა და მოცულობის დასაშვები კოეფიციენტები გადაჭარბებულია, სიმჭიდროვე უკიდურესად გადამეტებულია;
· ქალაქის ერთ-ერთ ურთულეს სატრანსპორტო კვანძზე მსგავსი სიმჭიდროვის მშენებლობა გმირთა მოედანზე სატრანსპორტო კოლაფსის საფრთხეს ზრდის;
· ტერიტორიას სარეკრეაციო ზონის სტატუსიც აქვს.
ურბანული კომისიის თავმჯდომარის, რეზი სოხაძის აზრით, ეს ადგილი რეკრეაციული ზონა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ გენერალური გეგმით რეკრეაციული ზონის სტატუსი აქვს.
„ზოგადი რეკრეაციაც ადევს ბევრ ტერიტორიას, სადაც გეგმარებით დავალებებს გავცემთ ხოლმე … მთავარ პრობლემას იმ ადგილას ქაოტურად განთავსებული ობიექტები ქმნიან. ჩვენი მოსაზრებაა, რომ ტერიტორიის ამ პროექტით განვითარება არის მიზანშეწონილი და თქვენი აპოკალიფსური მოსაზრებები არარელევანტურია”, – თქვა რეზი სოხაძემ.
2023 წლის აგვისტომდე აღნიშნული ტერიტორია შპს „კოსტავა 69-ს” ეკუთვნოდა. თავის მხრივ, ამ კომპანიას ფლობდა ფონდი „ქართუ“, რომელიც მმართველი პარტიის დამფუძნებლის, საა. „კოსტავა 69-ის” დირექტორი მისი დისშვილი კახა კობიაშვილია.
2023 წლის აგვისტოში “ლაგუნა ვერე” და ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტმა” იყიდა. ამასთან, ბიზნესრეესტრის მონაცემებით, 2023 წლის 7 აგვისტოს „ნეო სითი დეველოპმენტის“ 100%-იან წილზე “ქართუ ფონდის” სასარგებლოდ გირავნობის უფლება დარეგისტრირდა. „ნეო სითი დეველოპმენტი“ 2023 წლის მარტშია დაფუძნებული. „ნეო სითი დეველოპმენტის“ დირექტორია ტარიელ გაბუნია, ხოლო კომპანიის 100% წილის მფლობელი – „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილი.
ურბანისტ ცირა ელისაშვილის თქმით, ამ პროექტის დამტკიცებით საქართველო მიიღებს დედაქალაქს, რომლიდანაც ადამიანები გარბიან. მან კომისიას მოუწოდა, საკითხის განხილვა მანამდე შეეწყვიტა, სანამ პროფესიულ დასკვნებს არ გაეცნობოდნენ.
„ყველა ოდიოზური პროექტი, რომელიც თბილისს ემუქრებოდა, გადადიოდა 28-29-30 დეკემბერს. მე გთხოვთ ერთ რამეს, რომ ქალაქს და საზოგადოებას სჭირდება გადაწყვეტილების მიმღები პირების არგუმენტები. თუნდაც ერთი ან სამი არგუმენტი იმისა, რომ ეს პროექტი არის ქალაქისთვის მნიშვნელოვანი და ძალიან გთხოვთ, ამ სამ არგუმენტში ეკონომიკური ასპექტი ნუ იქნება პირველი. არცერთი ოდიოზური პროექტის ავტორი ხალხმა არ იცის, იცის პერიოდი, როდის მიიღეს გადაწყვეტილება, თითოეულის სახელი და გვარი დაერქმევა ამ პროექტს და ამაზე იფიქრეთ”, – თქვა ცირა ელისაშვილმა.
„ქართული ოცნების” დეპუტატებმა, თბილისის საკრებულოს ურბანულ კომიტეტზე არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად, საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს. ოპოზიციამ ხმა პროექტის წინააღმდეგ მისცა.