ზელენსკიმ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამიტს უმასპინძლა: სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის უსაფრთხოება განუყოფელია

სამიტში მონაწილეობის მისაღებად ში ჩავიდნენ: მოლდოვის, მონტენეგროს, რუმინეთის, სერბეთის პრეზიდენტები; ჩრდილოეთ მაკედონიის პირველი ვიცეპრეზიდენტი; ბულგარეთის, ხორვატიისა და საბერძნეთის პრემიერმინისტრები; ალბანეთის პარლამენტის სპიკერი და სლოვენიის ვიცეპრემიერი.
სამიტის დღის წესრიგში იყო: რეგიონული უსაფრთხოება, ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობა, ვაჭრობისა და სატრანსპორტო ქსელების განვითარება, ენერგეტიკული უსაფრთხოება, განაღმვა, ომის შემდგომი რეკონსტრუქცია, რეაბილიტაცია, ჯანდაცვის გაუმჯობესება და სამხედრო პირების, ბავშვებისა და ვეტერანების მხარდაჭერა.
“სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისა და შავი ზღვის უსაფრთხოება განუყოფელია. უკრაინისთვის ეს აშკარაა 2014 წლიდან და მთელი კონტინენტისთვის ნათელი გახდა 2022 წელს”, – განუცხადა ზელენსკიმ სტუმრებს.
“ყველანი ხედავთ, რომ პუტინს არ სურს ამ ომის დასრულება. მას ჰგონია, სანამ ბრძოლა და მეზობლებზე დომინაცია შეუძლია, ის პოლიტიკურად ცოცხალია. თუმცა, იმის მიუხედავად მას რა ჰგონია, ჩვენი საქმეა ისეთ მდგომარეობაში ჩავაყენოთ , რომ მათ მოისურვონ მშვიდობა და პოლიტიკური გადარჩენა არასამხედრო გზებით. ეს სავსებით შესაძლებელია”, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ლიდერებს მან შეახსენა ევროკავშირის მომავალი სასანქციო პაკეტის მხარდაჭერისა და მისი გამკაცრების მნიშვნელობა:
“თქვენი მხარდაჭერა ევროკავშირის ერთობლივი სანქციებისადმი სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ევროკავშირმა გამოაცხადა სანქციების მე-18 პაკეტის შესახებ. ის შესაძლებელია იყოს უფრო მძლავრი, განსაკუთრებით რუსეთის ნავთობის ტანკერებისა და მისი ფინანსური სექტორის მიმართ. აგრეთვე ნავთობის ფასზე ლიმიტის განსაზღვრის კუთხით – 45 დოლარის ლიმიტი [რუსეთის ნავთობის ფასზე – რთ] უკეთესია 60-დოლარიანზე. ეს გასაგებია. ეს ასეა. მაგრამ ნამდვილ მშვიდობას მოიტანს 30-დოლარიანი ლიმიტი – ეს არის ის დონე, რომელიც მართლა შეცვლის მოსკოვის აზროვნებას”.
უკრაინის ლიდერმა სამიტის მონაწილეებს გაუზიარა ის მოლოდინი და საჭიროება, რაც ევროკავშირისა და ნატოს გაფართოების პერსპექტივას ეხება:
“წელს უკრაინას სჭირდება მკაფიო გადაწყვეტილება მოლაპარაკებების კლასტერებზე. ჩვენ ყველა პირობა შევასრულეთ. ახლა პროგრესის დაბლოკვა მხოლოდ დროის გაფლანგვა იქნება ევროპისთვის. ყველა ჩვენი ქვეყანა იმედოვნებს და იმსახურებს სამართლიან გაფართოებას. იგივე ეხება ნატოს. დიახ, ევროპამ მეტი უნდა გააკეთოს საკუთარი თავდაცვისთვის. მაგრამ, აშშ-ში ყველას უნდა ახსოვდეს, რომ უკვე ორჯერ ევროპაში დესტაბილიზაციამ ჩაითრია ამერიკელი ჯარისკაცები გამანადგურებელ ომებში. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი კვლავაც იყოს ჩართული ევროპის უსაფრთხოებაზე ზრუნვაში. ნატოს აქვს უსაფრთხოების სტრუქტურა მთელი ევროპისთვის. ყველა ევროპულ ქვეყანას აქვს უფლება აირჩიოს უსაფრთხოების საკუთარი გზა. მომავალმა ნატოს სამიტმა ეს უნდა დაადასტუროს”, – აღნიშნა ზელენსკიმ 11 ივნისს ოდესაში გამართულ სამიტზე.
ფორუმი