საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კობახიძე ორბანს მეშვიდედ შეხვდა – მთავარი გზავნილები

ქართული ოცნების მთავრობის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში იმყოფება.
დელეგაციას ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, რომელიც საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს უკვე მეშვიდედ ხვდება.
უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ და მან ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, რომელზეც ვიქტორ ორბანმა ქართული ოცნების მთავრობა შეაქო, ირაკლი კობახიძემ კი პასუხად მას “ძლიერი და ურყევი მხარდაჭერისთვის” მადლობა გადაუხადა.
ვიქტორ ორბანმა საუბარი საქართველოს “ეკონომიკური წარმატებით” დაიწყო და თქვა, რომ საქართველოსი “ყველას შურს”, რადგან “7%-იანი ეკონომიკური ზრდა დიდი მიღწევაა”.
მან ასევე თქვა, რომ 2022 წელს “გლობალური მეინსტრიმ ლიბერალები” საქართველოსა და უნგრეთის მთავრობებისთვის “ხელის შეშლას ცდილობდნენ”, ამ კონტექსტში შეაქო ქართული ოცნება და აღნიშნა, “საქართველოს მთავრობა მათთვის არის მხეცი, რომელთანაც ეშინია ევროკავშირს, ბრიუსელს ბრძოლა, რადგან პირველია, რომელმაც მათ წინააღმდეგობა გაუწია”.
“ჩვენ ასეთი შეხვედრები უფრო ბევრჯერ დაგვჭირდება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ მივიღე ევროპიდან დელეგაცია, რომელიც ნამდვილად არის ძალიან დიდი სიამოვნება, საუბარი მაქვს საქართველოს დელეგაციაზე. ყველას შურს მათი, ჩვენც გვშურს საქართველოსი, 7%-იანი ეკონომიკური ზრდა, ღმერთო ჩემო, ეს ხომ დიდი მიღწევაა. კლებადი სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, კლებადი სახელმწიფო ვალი. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა ჩვენთვის დიდი პატივია, ამ წლების განმავლობაში ასეთი შედეგების გაზიარება ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი შედეგების მიღწევა არის დიდი ნახტომი წინ. არ იყო ალბათ ეს იოლი, მაგრამ ჩვენც, უნგრელებს, გვექნებოდა დიდი პატივი, რომ ასეთი შედეგი გვქონოდა.