ბიჭვინთის აგარაკები, ჯამში 184 ჰექტარი ტერიტორია და საზღვაო აკვატორია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმმა გუშინ, გამთენიისას რუსეთის ფედერაციას გადასცა. 49 წლის განმავლობაში კრემლი სოხუმის სეპარატისტულ რეჟიმს სულ რაღაც 49 რუბლს გადაუხდის
სახელმწიფო აგარაკების კომპლექსი 1958-1961 წლებში, ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივნის, ნიკიტა ხრუშჩოვის ბრძანებით აშენდა. “ეხო კავკაზა” წერს, რომ 2022 წლის იანვარში გაფორმებული “ხელშეკრულების” თანახმად, რუსეთის ფედერაციის საკუთრებაში გადაცემული “ობიექტი” მოიცავს მოძრავ და უძრავ ქონებას (გარდა მიწის ნაკვეთებისა და ზღვის მონაკვეთისა). აფხაზური მხარე მას “დოკუმენტის” ძალაში შესვლიდან 6 თვის ვადაში უსასყიდლოდ გადასცემს რუსეთს.
რუსულ მხარეს ეძლევა მიწის ნაკვეთები, რომლებზეც მდებარეობს ობიექტი და ობიექტთან მიმდებარე ზღვის ფართობი – 49-წლიანი იჯარით. ყოველ ნაკვეთზე რუსეთი წელიწადში 1 რუბლს გადაიხდის.
იჯარით გაცემულ მიწის ნაკვეთებზე მოსკოვს უფლება აქვს განახორციელოს კაპიტალური მშენებლობა აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, რუსეთს შეეძლება ობიექტის გამოყენება ღონისძიებების ჩასატარებლად, ასევე რეკრეაციული მიზნით.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ “შეთანხმება” იდება 49 წლით და ავტომატურად განახლდება შემდგომი 15 წლით, თუ რომელიმე მხარე წერილობით არ აცნობებს მეორე მხარეს მისი შეწყვეტის განზრახვის ვადის გასვლამდე, მინიმუმ 6 თვით ადრე. “ხელშეკრულების” შეწყვეტა არ გამოიწვევს მოძრავ და უძრავ ქონებაზე საკუთრების შეწყვეტას.