ფრანგი პოლიტიკოსი და ევროკომისიის ყოფილი პრეზიდენტი ჟაკ დელორი 98 წლის ასაკში პარიზში, საკუთარ სახლში, გარდაიცვალა. მოღვაწეობის განმავლობაში მან დიდი როლი ითამაშა ევროკავშირის დაარსებასა და გაძლიერებაში.
ჟაკ დელორმა კარიერა საფრანგეთში ეკონომისტად დაიწყო. 1974 წელს იგი საფრანგეთის სოციალისტურ პარტიაში გაწევრიანდა და ხუთი წლის შემდეგ ევროპის პარლამენტში აირჩიეს. 1981 წლიდან დელორი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა მიტერანმა ქვეყნის ფინანსთა მინისტრად დანიშნა. ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში იგი ინფლაციასთან და უმუშევრობასთან გამკლავებით იყო დაკავებული.
ევროკომისიის პრეზიდენტი ჟაკ დელორი 1985 წელს გახდა და მომდევნო 10 წლის მანძილზე მან ევროპის ინტეგრაციის პოლიტიკა განსაზღვრა. მისი ხელმძღვანელობის განმავლობაში მიიღეს ერთიანი ევროპის აქტი და შემდგომში მაასტრიხტის ხელშეკრულება. ერთიანი ევროპის აქტით დადგინდა ექვსწლიანი გეგმა, რომელიც 1992 წლისთვის ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობის ფარგლებში საერთო ბაზრის ჩამოყალიბებას, ხოლო ადამიანების, საქონლისა და მომსახურების, და კაპიტალის თავისუფალ გადაადგილებას გულისხმობდა. მაასტრიხტის ხელშეკრულებით კი 1993 წელს ევროკავშირი დაარსდა.
დელორი მომხრე იყო ევროპაში საერთო ეკონომიკური და სავალუტო კავშირის შექმნის, რისი ერთ-ერთი გამოვლინებაც მოგვიანებით ევროკავშირში საერთო ვალუტად ევროს მიღება ითვლება.
ჟაკ დელორის გარდაცვალებას ევროკომისიის მოქმედი პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) გამოეხმაურა. მან დელორს “შორსმჭვრეტი” უწოდა, რომელმაც “ევროპა უფრო ძლიერი გახადა”.
ხოლო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, ჟაკ დელორი “ფრანგული ბედისწერის სახელმწიფო მოხელე” და “ევროპის დაუღალავი არქიტექტორი იყო”.