სტატისტიკის თანახმად, ყოველწლიურად პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 2/3-ზე მეტი რეინვესტიციებზე მოდის.
“საქსტატის” წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით 179 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7.7%-ით ნაკლებია. ინვესტიციების აღნიშნული მოცულობა 2021 წლის პირველი კვარტალის შემდეგ ყველაზე მცირეა, რაც გასული 4 წლის განმავლობაში რომელიმე კვარტალის პერიოდში შემოსულა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საინვესტიციო ნაკადებს შორის 150 მილიონი დოლარი რეინვესტიციებზე მოდიოდა, რაც არსებული კომპანიების ინვესტიციებს წარმოადგენდა.
ფინანსისტი გიგა ბედინეიშვილი ,,კომერსანტთან” ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რეინვესტიციების აღნიშნული მაჩვენებელი თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა პრობლემურია, რომ ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოსვლა მცირდება. მისივე თქმით, FDI-ის ძირითადი წყარო საქართველოში დასავლეთის ქვეყნები იყო, მათთან გაუარესებულმა ურთიერთობამ, საქართველო ინვესტირების კუთხით ნაკლებად მიმზიდველ ქვეყნად აქცია.
,,რეინვესტირების 84% ნიშნავს, რომ უკვე ინვესტირებულ პროექტებში დამატებითი ინვესტიციები ხორციელდება, ანუ ახალი ინვესტიციები კი არ შემოდის, არამედ უკვე არსებულ პროექტებში დამატებითი თანხები შემოდის. ეს პროცესი თავისთავად ცუდი არ არის, თუმცა უკეთესია, როცა ინვესტიციების საერთო რაოდენობაში რეინვესტირების წილი შედარებით დაბალია, რაც გაცილებით სწრაფი ეკონომიკური ზრდის საშუალებას მოგცემდა. ზოგადად, ყველაზე დიდი პრობლემა FDI-ის კლებაა და ამ კლებად ინვესტიციებს შორის, ცხადია პრობლემაა, რეინვესტირების მაღალი პროცენტი.
FDI-ის კლების მიზეზი რამდენიმე შეიძლება იყოს, მაგრამ მგონია, რომ მთავარი მიზეზი, ზოგადად ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის კლებაა. FDI-ის შემოსვლის ძირითადი წყარო დასავლეთ ევროპა და ამერიკაა, აქედან გამომდინარე, ინვესტიციები ნაკლებად შემოდის, რადგან მათ უკვე ეჭვები აქვთ, საით ვითარდება ეს ქვეყანა და რამდენად აქვს დასავლური კურსი. მთავრობის განცხადებები და ქცევები პირდაპირ მიანიშნებს, რომ მცდელობა აქვთ ქვეყნის ჩინეთისა და რუსეთისკენ წაყვანის, რაც ინვესტორებისთვის, რა თქმა უნდა, მიმზიდველი არ არის”- აღნიშნა ბედინეიშვილმა.
