ნანა დიხამინჯია: როდის მიხვდებით გასუსული უნივერსიტეტები, რა ჯოჯოხეთში შეგსვათ ქოცნებამ? მე პირადად არ დამეზარება – რაც კი ამ კანონს ექვემდებარება, ყველა თქვენს გრანტზე მივწერ ანტიკორუფციულს

“გრანტების შესახებ კანონში მთავარი ცვლილებები აპრილში მიიღეს:
ნებისმიერი უცხოელი დონორი, რომელიც გრანტს გასცემს ქართულ ორგანიზაციაზე ან მოქალაქეზე, ვალდებულია, ჯერ ანტიკორუფციულ ბიუროსთან შეათანხმოს საგრანტო ხელშეკრულება. ასეთი პრაქტიკა არ არსებობს არცერთ განვითარებულ ქვეყანაში. არცერთში.
როდესაც ლიკა ღლონტმა ერაზმუსის შესახებ დაწერა, მიხვდნენ, რა ქაქი ჭამეს და მოიფიქრეს, ახალი ცვლილებები უნდა შევიტანოთო – ერაზმუსი და ჰორაიზონ ევროპის გრანტები გამონაკლისში გავუშვათო, თუმცა ჯერ ეს ჩასწორება არაა შესული. სხვა საერთაშორისო გრანტები არც გაუგიათ.
უბრალოდ წარმოიდგინეთ – რომელიღაც ქართულ უნივერსიტეტს სთავაზობს უცხოური უნივერსიტეტი ერთობლივ საგრანტო კონკურსში მონაწილეობას. ქართული უნივერსიტეტი პასუხობს: ჩვენ კი მივიღებთ მონაწილეობას, მაგრამ თუ მოვიგებთ, გრანტის გამცემი უნდა დაუკავშირდეს საქართველოს მთავრობას და მისგან მიიღოს ნებართვა, რომ გრანტი მივიღოთ. ვისაც ოდესმე გრანტი მიუღია, მიხვდება, რომ ასეთ უგვან ბიუროკრატიაზე არავინ დათანხმდება. ისიც ყველასთვის გასაგებია, რომ ამ თანხმობებს მთავრობა შერჩევითად გასცემს და ზეწოლის ბერკეტებად გამოიყენებს.
შემდეგ დაფიქრდნენ: მარტო ფული რატომ შევუზღუდოთ, მოდი, საერთოდ მოვსპოთ ყველა გზა, რომლითაც საქართველო ვითარდებაო, ამიტომ გუშინ განაცხადეს, ეს ცვლილებაც დავამატოთო: გრანტად ჩავთვალოთ ნებისმიერი დახმარება უცხოეთიდანო – მაგალითად, თუ რომელიმე უცხოურმა უნივერსიტეტმა გადაწყვიტა ცოდნის გაზიარება, ან ლაბორატორიული მოწყობილობების ჩუქება ქართული კვლევითი ცენტრისთვის, ესეც გრანტია და იმ უცხოურმა უნივერსიტეტმა ნებართვა ანტიკორუფციული ბიუროსგან, ანუ უვიცი რაჟდენ კუპრაშვილისგან უნდა მიიღოს.
მე ის მაინტერესებს – ტექნოვეიშენი რომ უფასოდ გვიზიარებს სასწავლო მასალებს და რჩევებს, როგორ განვახორციელოთ კონკურსი საქართველოში, ეგეც გრანტია და კუპრაშვილმა უნდა განიხილოს? 5000$-ს რომ გვაძლევდა და გოგოების ბანაკისთვის ვიყენებდით, ეგ ამბავი მორჩა – არავის არ სცალია საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტში იმისთვის, რომ ქვეყნების მთავრობებს ცალ-ცალკე წეროს და ნებართვებს ელოდოს. ვისაც ეს ბიუროკრატია არ აწუხებს, იმას მისცემენ ამ ფულს, მაგალითად ყირგიზეთს და ყაზახეთს, რომლებიც ჩვენ შეგვნატროდნენ ტექნოლოგიურ განვითარებაში და ახლა ათჯერ გაგვისწრეს.
როდის მიხვდებით გასუსული უნივერსიტეტები, რა ჯოჯოხეთში შეგსვათ ქოცნებამ? მე პირადად არ დამეზარება – რაც კი ამ კანონს ექვემდებარება, ყველა თქვენს გრანტზე მივწერ ანტიკორუფციულს და მოვთხოვ დასტურს, რომ მასთან შეათანხმეთ გრანტის მიღება. იმედია, არც მედიას დაეზარება,” –  წერს სოციალურ ქსელში  “ალტე უნივერსიტეტის” ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნოლოგიური ინჟინერი, ნანა დიხამინჯია.