ევროს შემქმნელი ჟაკ დელორი გარდაიცვალა – DW

საფრანგეთში 98 წლის ასაკში გარდაიცვალა პოლიტიკოსი და ეკონომისტი, ევროკომისიის ყოფილი თავმჯდომარე და ევროს შემქმნელი – ჟაკ დელორი. ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.
ჟაკ დელორს „ევროს მამასაც“ უწოდებდნენ. დელორის გარდაცვალება ოთხშაბათს, 27 დეკემბერს, მისმა ქალიშვილმა მარტინ ობრიმ გამოაცხადა. ევროპული საზოგადოებების კომისიას, რომელსაც მოგვიანებით ეწოდა ევროკომისია, 1985 წელს ხელმძღვანელობდა ჟაკ დელორი და ამ თანამდებობას იკავებდა სამი ვადით – 1995 წლამდე.
მისი ხელმძღვანელობით დაიწყო ევროინტეგრაციის ახალი ეტაპი. 1985 წელს ხელი მოეწერა შენგენის შეთანხმებას, დელორის მიერ შემუშავებულმა პროგრამამ საფუძველი ჩაუყარა ევროკავშირის ერთიანი შიდა ბაზრის შექმნას და ერთიანი ევროპული ვალუტის – ევროს დანერგვას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მწუხარება გამოთქვა ჟაკ დელორის გარდაცვალების გამო და დელორს „ევროპის არქიტექტორი” და „ადამიანური სამართლიანობისთვის მებრძოლი” უწოდა.
ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა დელორს უწოდა „დიდი ფრანგი და დიდი ევროპელი”, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც ჩვენი ევროპის ერთ-ერთი მშენებელი.
გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ დელორი ევროპის გაერთიანების მომხრე იყო, როგორც სხვა არავინ. „როგორც ვიზიონერი, ის გახდა ევროკავშირის არქიტექტორი, როგორც ჩვენ მას დღეს ვიცნობთ”, – ხაზგასმით აღნიშნა შოლცმა.

ასევე დაგაინტერესებთ