თეა წულუკიანი კონსტანტინე გამსახურდიას მომავალ სახლ-მუზეუმს ეწვია – რა სივრცეების მოწყობა იგეგმება ტერიტორიაზე (ვიდეო)

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, მინისტრმა თეა წულუკიანმა, აბაშის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დიდი ქართველი მწერლის, ს, მომავალი სახლ-მუზეუმის შენობა-ნაგებობები დაათვალიერა. კულტურის მინისტრთან ერთად, მუზეუმში იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ აზნაურაშვილი, აბაშის მერი გია გაბელაია, საქართველოს ხელოვნების სასახლის დირექტორი და კონსტანტინე გამსახურდიას შვილიშვილი კონსტანტინე გამსახურდია.
უწყების ცნობით, მინისტრმა დაათვალიერა ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით სახლ-მუზეუმის უკვე აღდგენილი შენობები და, მწერლის შვილიშვილთან ერთად, სამომავლო გეგმები განიხილა.
“სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე, რომელიც აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მართვაშია, დაგეგმილია საგამოფენო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა. ამავე ტერიტორიაზე იგეგმება კონსტანტინე გამსახურდიას მუზეუმის კულტურის ცენტრის აშენება. საკითხი რამდენჯერმე განიხილეს დამცავი ზონებისა და ურბანული მემკვიდრეობის სექციაზე.
სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ნებართვა 2020 წელს გაიცა, შედეგად ფონდ „ქართუს“ მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოდა სახლს, მარანსა და სამზადს; დაიგო გზა. დასრულებული სამუშაოები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ჩაიბარა მიმდინარე წლის 18 აგვისტოს”, – აღნიშნულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ აბაშაში მდებარეობს და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს ატარებს. სამუზეუმო ტერიტორია 19018 კვ. მ. ფართობს მოიცავს. სახლ-მუზეუმის ხის შენობა 1983 წელს სხვა სოფლიდან გადმოიტანეს აღნიშნულ ადგილას. ობიექტი 1987 წლიდან ასრულებს სამუზეუმო ფუნქციას.