პასუხგაუცემელი კითხვები ბერიას აგარაკზე – არასაბაზრო ფასად გაყიდულ შენობას ფუნქცია ვერ მოეძებნა და 3 წელია ძეგლის სტატუსიც ვერ მიანიჭეს

„არც არაფერი დაგვიგეგმავს და არც გაგვიკეთებია“ – ეს იყო ბოლო პასუხი, რომელიც „კომერსანტმა“ბერიას ცნობილი აგარაკის მფლობელისგან მიიღო, როდესაც კოჯორში მდებარე ობიექტის არსებული მდგომარეობა და სამომავლო ბედი მოიკითხა.
კრემლის „რუხი კარდინალის“ ლავრენტი ბერიას აგარაკის ბედი ობიექტის გასხვისებიდან ორ წელიწად-ნახევრის შემდეგაც გაურკვეველია.
ინვესტორს ამ დრომდე არც ის გადაუწყვეტია რა ფუნქციური დატვირთვა ექნება უძრავ ქონებას და ვერც იმას ამბობს, მოხდება თუ არა არქიტექტურულად გამორჩეული, 120 წლის წინ აშენებული შენობა-ნაგებობებისთვის ძველი, ისტორიული იერსახის შენარჩუნება.
კოჯორში მდებარე არასასოფლო სამეურნეო ნაკვეთის ფართობი 22 560 კვ.მ-ია, მასზე მდებარეობს 4 შენობა ნაგებობა, რომელთა საერთო ფართი 1281.33 კვ.მ-ია.
2021 წლის 30 მარტს სამთავრობო კამპანიის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აგარაკი ელექტრონულ აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. სახელმწიფომ 22 560 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული ნაგებობები 2 504 000 ლარად გაასხვისა. საწყისი ფასი 1 202 000 ლარი იყო, აუქციონში 3 მომხმარებელი მონაწილეობდა, ბიჯების რაოდენობა კი 434 იყო. ფაქტობრივად ინვესტორმა 1 კვ.მ მიწა 110 ლარად შეიძინა, მაშინ როდესაც კოჯორში 1 კვ.მ ფასი 150 დოლარიდან იწყება. „კომერსანტმა“ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ჰკითხა, რის საფუძველზე შეფასდა ქონება ამ ფასად და რა არგუმენტით გაიყიდა ვალდებულებების გარეშე საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ ფასად, თუმცა სააგენტოსგან მიღებულ პასუხი მხოლოდ აუქციონის გამოცხადების შესახებ ინფორმაციას და ბრძანებას მოიცავდა.
კოჯრის არქიტექტურულად გამორჩეული აგარაკები 2021 წლის 15 აპრილს შპს „იბეროტელმა“ იყიდა. შემდეგი განვითარება კი ასეთი იყო: „იბეროტელმა“ ორი წლის წინ უძრავი ქონება საწესდებო კაპიტალის სახით შეიტანა შპს „მეიდან პარკში“, რომლის 50%-ს „პარკ ქეფითალ მენეჯმენტი“ ფლობს, 50%-ს კი შპს მეიდანზე (შპს „პარკ ქეფითალ მენეჯმენტის“ 100%-იანი წილის მფლობელია, „ბაზის ბანკის“ ყოფილ გენერალური დირექტორი ზურაბ ციხისთავი, შპს „მეიდანზე“ 100% კი ზაზა ნიშნიანიძეს ეკუთვნის).
კოჯრის გამორჩეული აგარაკის ახალ მფლობელს საინვესტიციო ვალდებულებები არ აქვს, თუმცა 2.5 წლის წინანდელი აუქციონის აღწერილობაში ნათქვამი იყო, რომ საპრივატიზებო ობიექტზე მიმდინარეობს წარმოება კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, რაც თავისთავად გულისხმობდა იმას, რომ ინვესტორი ცნობილი შენობების იერსახის შეცვლას, სავარაუდოდ, ვერ შეძლებდა. კომერსანტი დაინტერესდა რა ეტაპზეა ძეგლის სტატუსის მინიჭების პროცესი.
აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე 2021 წლის 12 თებერვლით დათარიღებულ წერილში, რომელსაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გაყიდვების მხარდაჭერის სამსახურის უფროსს ბ-ნ ირაკლი ჩიდრაშვილს უგზავნიდა ნათქვამი იყო, რომ აგარაკისთვის იმ ეტაპზე ძეგლის სტატუსის მინიჭება ვერ განხორციელდა იმის გამო, რომ სააგენტოს მიერ წარდგენილი განცხადება მთავრობის მიერ დახარვეზდა.
„კოჯრის მხატვრულ-არქიტექტურულად გამორჩეულ აგარაკებზე ძეგლის სტატუსის მინიჭების მიზნით განხორციელდა შესაბამისი სააღრიცხვო ბარათების მომზადება, რომლებიც საბჭოს დადებითი დასკვნის საფუძველზე გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას. საბჭოს დადებითი დასკვნის მიუხედავად, მთავრობის მიერ დახარვეზდა სააგენტოს მიერ წარმოდგენილი განცხადება, რომლის შედეგად კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსის მინიჭება ვერ განხორციელდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს მიერ მოხდა სააღრიცხვო ბარათების ხელახალი მომზადება და საკითხის სრულყოფილი შესწავლის მიზნით წარედგინა საქართველოს მთავრობას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მთავრობის მიერ საკითხის სრულყოფილი შესწავლისა და პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, სააგენტოს ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს პოზიცია აღნიშნული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების პრივატიზებასთან დაკავშირებით“ – ნათქვამია წერილში.
რა ხდება 2.5 წლის შემდეგ, „კომერსანტმა“ კითხვით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიმართა. აღმოჩნდა რომ აგარაკს ისევ არ აქვს ძეგლის სტატუსი. გაჭიანურებული პროცედურების მიზეზად კი სააგენტომ არაპირდაპირ სააგენტოს შეზღუდული ადამიანური და ფინანსური რესურსები დაასახელა.
„გაცნობებთ, რომ ე.წ. ბერიას აგარაკის შენობებს (ს.კ. N81.01.17.214) ამ ეტაპზე არ აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.
სააგენტო არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების გათვალისწინებით, სისტემატურად სწავლობს კულტურული მემკვიდრეობის თვალსაზრისით ღირებულ ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით და ახდენს მოპოვებული ინფორმაციის სისტემატიზაციას კულტურული მემკვიდრეობის მონაცემთა ბაზებში, რის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ეტაპობრივად იგეგმება და ხორციელდება სტატუსის მინიჭების პროცედურა, კანონმდებლობით დადგენილი წესით.“- ნათქვამია „კომერსანტისთვის“ გამოგზავნილ წერილში.
სააგენტო ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ძეგლის სტატუსის მქონე შენობებზე სამუშაოების ნებართვას გასცემს და მისი შესრულების მონიტორინგს ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტი. ეს უფლება კულტურის სამინისტრომ თბილისის მერიას 2015 წელს გადასცა. ვინაიდან კოჯრის აგარაკს ძეგლის სტატუსი ჯერ კიდევ არ აქვს, ამ თემასთან დაკავშირებით თბილისის მერია სამიზნე რესპონდენტად აღარ გამოდგებოდა.
ობიექტის ახალი მფლობელი ამბობს, რომ პროექტი დაკონსერვებულია და შენობა იმავე მდგომარეობაშია როგორიც შეიძინეს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოში ძეგლის სტატუსის მქონე შენობებიც კი სავალალო მდგომარეობაშია, ეს ე.წ „დაკონსერვება“ დიდ კითხვებს აჩენს.
გაგზავნილი ბევრი წერილისა და ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ მიღებული პასუხების მიუხედავად კვლავ პასუხგაუცემელი რჩება კითხვები:
რატომ გაყიდა სახელმწიფომ არასაბაზრო ფასად და ვალდებულების გარეშე ბერიას ცნობილი აგარაკი?
რა გარანტიები რჩება იმისა, რომ მფლობელი არ შეუცვლის იერსახეს აგარაკს?
რამდენ ხანს გაძლებს კიდევ ნგრევის პირას მისული შენობა?