“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, თინა ბოკუჩავას თქმით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა იგი დაკითხვაზე დაიბარა.
ბოკუჩავას განცხადებით, ის, ისევე როგორც მისი ქმარი, დაკითხვაზე მისვლას მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე აპირებენ.
“გამოკითხვაზე დამიბარეს. მეც დამირეკეს თბილისის პოლიციის დეპარტამენტიდან. ეს იგივე დეპარტამენტია, საიდანაც ზარი მიიღო კოტემ დღის განმავლობაში. მათ მთხოვეს გამოკითხვაზე მისვლა, თუმცა ბუნებრივია, მეც იგივე პასუხი გავეცი, რაც მათ კოტესგან მოისმინეს, რომ ჩვენ მხოლოდ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დავიკითხებით. ჯერ დრო არ არის ცნობილი. მე სამი დღის განმავლობაში არ ვიქნები საქართველოში, რადგან დიდი ხნის წინ მქონდა დაგეგმილი ვიზიტი ბრიუსელში. ბრიუსელშიც ვისაუბრებ ამ თემასთან დაკავშირებით.” – თქვა მან TV პირველის ეთერში.
***
“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი წევრი, კოტე იოსელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე დღეს დაიბარეს.
იოსელიანის დაბარება, სავარაუდოდ, ბოკუჩავას მიერ გავრცელებულ განცხადებას უკავშირდება, სადაც ის ამბობს, რომ მისი მეუღლე ნიღბიანმა პირებმა გაიტაცეს, 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით. ბოკუჩავას მტკიცებით, იოსელიანი, შესაძლოა, ე.წ. მოდულის შენობაში ჰყავდათ.
მომხდარს ბოკუჩავა მისი დაშინებისა და გაჩუმების მცდელობად აფასებს.
შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს, წლების წინ მის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო.