გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ანრი ოხანაშვილი იყო იმ ბორტზე, რომლითაც ის საქართველოში ჩამოიყვანეს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად პატიმრობაში მყოფი ბიზნესმენი გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ბორტში, რომლითაც ის საქართველოში „მოტაცებით ჩამოიყვანეს“, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა.
ამის შესახებ მან განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმე („მტკვარი ჰესი“) განიხილება.
„ყველა ნორმის დარღვევით, თავზე მეშოკწამოფარებული, მე უკანონოდ, საერთაშორისო სამართლის და ქართული სამართლის დარღვევით ჩამომიყვანეს საქართველოში. ეს იყო ივანიშვილის შეკვეთილი და სუსის მიერ შესრულებული სპეცოპერაციას, ანრი ოხანაშვილი იმყოფებოდა იმ ბორტზე, რომლითაც მე მომიტაცეს. ამ დანაშაულს იძიებს ანრი ოხანაშვილი – ანუ სუსი იძიებს თავის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს“, – თქვა ბაჩიაშვილმა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 27 მაისს განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი დააკავეს ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილების დროს.
ბიზნესმენის ადვოკატების საერთაშორისო ჯგუფმა მალევე განაცხადა, რომ ბაჩიაშვილი საქართველოში „იძულებით დააბრუნეს“. მასში არ იყო დაკონკრეტებული, როგორ და რა გზით ჩამოიყვანეს ბაჩიაშვილი.

ბაჩიაშვილმა საქართველოში დაბრუნების დეტალევზე 29 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული კიდევ ერთი საქმის განხილვის დროს ისაუბრა. ამ სხდომაზე ბრალდებულმა თქვა, რომ ის უცხო ქვეყანაში „გაიტაცეს“ და ასე დააბრუნეს თბილისში.
„მე წარმოდგენა არ მაქვს, რა ინფორმაცია მისცეს და გააცნეს სხვა სახელმწიფოს, რასაც მოჰყვა ასეთი მოქმედება ჩემ წინააღმდეგ, თუმცა მინდა გითხრათ, რომ დიდ შეცდომაში შეიყვანეს და ჩემი გამოძალვის სპეცოპერაციამ შეიძინა საერთაშორისო მასშტაბები.
საქართველოს ხელისუფლებას არ ჰქონდა კანონიერი გზა ჩემი ექსტრადირებისთვის – ინტერპოლით ძებნა იყო შეჩერებული. შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლებმა, ს დავალებით მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში“, – თქვა მან.
ბორტი, რომელზეც ბაჩიაშვილი საუბრობდა, flightradar24-ის მონაცემებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 26 მაისს გაფრინდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით, ჩაფრინდა დუბაიში და მალევე დაბრუნდა უკან. რადიო თავისუფლებამ Georgian Airways-ს ჰკითხა, ვისი დაკვეთით შესრულდა ეს ფრენა და ვინ იყო მგზავრი.
„კერძო პირების მიერ ყოველდღე ხდება რეისების დაკვეთა და პერსონალურ მონაცემებს ვერ გავცემთ“, – კომპანიაში არ უპასუხეს კითხვას, ეს კონკრეტული ფრენა სახელმწიფოს დაკვეთით შესრულდა თუ კერძო პირის.
დღეს, 9 ივნისს რადიო თავისუფლებამ „ჯორჯიან ეარვეისის“ პრესსამსახურს კიდევ ერთი კითხვა დაუსვა – უსარგებლია თუ არა ბოლო ერთი თვის განმავლობაში ანრი ოხანაშვილს მათი ბორტით. კომპანიაში განაცხადეს, რომ დამატებითი კომენტარი არ გაკეთდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რიგ ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულებზე ნასამართლები პირებისთვის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის 16-წლიანი ვადა კანონში აღარ იქნება – აღნიშნულ პირებს ქვეყნის დატოვება აეკრძალებათ იქამდე, ვიდრე ზიანს სრულად არ აანაზღაურებენ

შალვა პაპუაშვილი – დემოკრატიულ პროცესში არ არის დემოკრატიის მტერი პარტიებისთვის ადგილი – სარჩელით მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს, ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომლის უკანაც არის ხალხის მიერ მონიჭებული მანდატი

ელინა ვალტონენი ირაკლი კობახიძეს – ფინეთში გიწვევთ, რათა შეხვდეთ თავისუფალ მედიას და თქვენთვის სასურველ დემონსტრაციას დააკვირდეთ – ბოდიშს გიხდით, რომ თბილისში ჩვენი შეხვედრის გაუქმება გრაფიკის ცვლილების გამო მომიწია